საფრანგეთში კარლეს პუიჩდემონის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა
საფრანგეთში კარლეს პუიჩდემონის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

საფრანგეთში კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის მხარდასაჭერ აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, დემონსტრაცია საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, პერპინიანში გაიმართა, რომელიც ესპანეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. კარლეს პუიჩდემონმა მხარდამჭერებს დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიცით, რომ არ გავჩერდებით და ისინი ვერ შეგვაჩერებენ. არ უნდა ველოდოთ უკეთეს დროს მათ გამო. დღეს ჩვენ კატალონიის მიწაზე ფეხი დავდგით, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა“, – განაცხადა კატალონიის ყოფილმა ლიდერმა.

პერპინიანი, სადაც კატალონიურად საუბრობენ, მრავალი კატალონიელისთვის სიმბოლური ადგილია. აღნიშნულ რეგიონს ბევრი მათგანი ჩრდილოეთ კატალონიას უწოდებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დემონსტრაციაში 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ორგანიზატორების მონაცემებით კი, კარლეს პუიჩდემონის მხარდასაჭერად 150 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუიჩდემონმა ესპანეთი 2017 წლის ოქტომბერში რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დატოვა. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ რეფერენდუმი არალეგიტიმურად ცნო, მისი ორგანიზატორების წინააღმდეგ ესპანეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ესპანეთს კარლეს პუიჩდემონის დაკავების ორდერი აქვს გაცემული, თუმცა ამჟამად, პუიჩდემონი ევროპარლამენტის წევრია და მას იმუნიტეტი იცავს.