კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამოჩნდა
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამოჩნდა

იტალიის სასამართლოს მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამოჩნდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

როგორც ევროპარლამენტში პუიჩდემონმა მედიას განუცხადა, ის დაბრუნდება სარდინიაზე 4 ოქტომბერს, რათა დაესწროს მის სასამართლო პროცესს ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, რა მოხდება მომავალ კვირაში, ეს მოსამართლეზეა დამოკიდებული. მე სასამართლოში 4 ოქტომბერს ვარ დაბარებული. როგორც იცით, ეს მარტივი არ არის რეისების განრიგის გამო, თუმცა მე წავალ. მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა კარლეს პუიჩდემონმა.

კატალონიის ყოფილი ლიდერი, ევროპარლამენტის მოქმედი დეპუტატი კარლეს პუიჩდემონი იტალიის პოლიციამ კუნძულ სარდინიის აეროპორტში 23 სექტემბერს დააკავა. მარტში ევროპარლამენტმა კარლეს პუიჩდემონს იმუნიტეტი გაუუქმა.

ესპანეთის ხელისუფლება კარლეს პუიჩდემონს 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების გამო, ამბოხის წაქეზებაში სდებს ბრალს და მის ექსტრადირებას ითხოვს.