ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ამაღლობელის კანდიდატურა განიხილება
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ამაღლობელის კანდიდატურა განიხილება

მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებების შემდეგ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ამაღლობელის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

დავით ამაღლობელი ბოლო ცხრა წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდში უფროსი ეკონომისტის პოზიციას იკავებს.

დავით ამაღლობელი 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

დავით ამაღლობელი დაიბადა 1976 წელს. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით, 2001 წელს კი – ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკის ფაკულტეტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

1998 წელს დავით ამაღლობელი დაინიშნა საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად, 1999-2001 წლებში, აშშ-ში სწავლის პარალელურად, იგი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.

2001 წლიდან დავით ამაღლობელმა სამსახურებრივი კარიერა საქართველოში განაგრძო და მუშაობას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად დაიწყო. 2002-2003 წლებში მუშაობდა სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიაში, ეროვნულ ექსპერტად.

2004 წლის იანვრიდან დავით ამაღლობელი მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად, იმავე წელს კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელი იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.