ფილმი „დედე“ კანში, კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე ფესტივალის ჟიურის გრანპრის მფლობელი გახდა
ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „დედე“, რომელიც სვანი გოგოს სიყვარულზე მოგვითხრობს საერთაშორისო ფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს. თითქმის ყველა ფესტივალიდან „დედე“ გამარჯვებული ბრუნდება. ამჯერად კინოსურათმა კანში, კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე, ფესტივალის ჟიურის გრანპრი დაიმსახურა.
კანის კინემატოგრაფისტების რიგით 30-ე შეხვედრაზე ჟიურის პრეზიდენტი,ჩეკი კარიო გახლდათ. ჟიური კი კვალიფიციური წევრებისგან იყო დაკომპლექტებული. მათ შორის ჟიურის წევრები იყვნენ – ბერნარ დე ლა ვილარდიერი (ჟურნალისტი და ტელე-რადიო წამყვანი), კაროლინ დერუა – (სცენარისტი, მსახიობი, რეჟისორი), ლუ-დენი ელიონი – (მსახიობი), ოლივიერ გრენსონი – (კომიქსების ავტორი), ბობ სვაიმი – (რეჟისორი, სცენარისტი).
რამდენიმე დღის წინ კი მარიამ ხაჭვანი ორი პრიზით დაჯილდოვდა აზიურ ოსკარად წოდებულ ფესტივალზე. მან ჯილდო ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება“ დაიმსახურა ფილმისთვის „დედე“. ეს ჯილდო განსაკუთრებულია და იუნესკო-ს პატრონაჟით გაიცემა.
ასევე, ჯილდო MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი ფილმის მომავალი პროექტის „ნენე“ განვითარებითვის – ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions.
ფესტივალისთვის სულ რვა ფილმი შეირჩა საფრანგეთის და სხვადასხვა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში მიღებული პრიზების მიხედვით.