ადამიანის ოჯახურ ხეს არქეოლოგებმა კიდევ ერთი სახეობა შემატეს. ჯერ კიდევ 2007 წელს, ფილიპინების კუნძულ ლუსონზე, კალიაოს მღვიმეში, ადამიანის ფეხის ტერფის წინა ნაწილი აღმოაჩინეს.
უძველესი ჰომო საპიენსის ნაშთები ახლომდებარე კუნძულ პალავანზეა აღმოჩენილი და 30 000 – 40 000 წლით თარიღდება. თუმცა, ფეხის ეს იდუმალი ნაწილი გაცილებით ძველი. 64 000 წლის წინანდელი აღმოჩნდა.
საფრანგეთის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის არქეოლოგის, ფლორან დეტრუას განცხადებით, ეს გახლავთ ფილიპინებზე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ჰომინინი.
ახლახან, ქანების იმავე ფენაში, სადაც ეს ძვალი იპოვეს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა უძველეს ადამიანთა 12 სხვა ძვალიც აღმოაჩინა. მათ შორის არის ფეხისა და ხელის ძვლები, ბარძაყის ძვლის ნაწილი და კბილები. არქეოლოგთა აზრით, ძვლები სულ მცირე სამ ადამიანს ეკუთვნის, ორ ზრდასრულს და ერთ ბავშვს.
დეტრუა განმარტავს, რით ჰგავს და რით განსხვავდება ეს ძვლები ადამიანთა ჩვენთვის ცნობილ სხვა სახეობათა ძვლებს. მცირე ძირითად კბილებს აქვს ავსტრალოპითეკთა და ჰომო ერექტუსთათვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ ძირითადი კბილები უფრო ჰომო საპიენსის კბილების მსგავსია.
ფეხის ძვლები, განსაკუთრებით კი ე. წ. ფალანგი თითები გაცილებით უფრო მოღუნულია, ვიდრე ჩვენი თითები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანები კარგად ცოცავდნენ.
დეტრუას თქმით, ეს ფალანგები ძლიერ ჰგავს ავსტრალოპითეკისას, რომელიც მხოლოდ აფრიკაშია ცნობილი, გაცილებით უფრო ადრეულ პერიოდში (დაახლოებით 2-3 მლნ წლის წინ). შეუძლებელია, ასეთ მახასიათებელთა კომბინაციის მქონე ინდივიდი დღეისათვის ცნობილ რომელიმე სახეობას მიეკუთვნოს.
გრიფიტის უნივერსიტეტის არქეოგეოქიმიკოსმა რენე გრუნმა ძვლების ასაკი ურანი-თორიუმის დათარიღების მეთოდით განსაზღვრა. გაირკვა, რომ ნაშთები 50 000 წლის წინანდელია.
გრუნის თქმით, ეს გახლავთ ჰომინიდების სრულიად ახალი სახეობა და ასეთი აღმოჩენა ხშირად არ ხდება.
ყველა ძვალი ციცქნაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქმე ეხება ჰომო ფლერესიენსის კიდევ ერთ ჯუჯა სახეობას, რომლებსაც არაოფიციალურად „ჰობიტებსაც“ უწოდებენ. ის ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე 2004 წელს აღმოაჩინეს. ფილიპინებზე აღმოჩენილ სახეობას ჰომო ლუსონენსისი დაარქვეს, კუნძულ ლუსონიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, ამ ნამარხებიდან დნმ-ის აღების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რათა განვსაზღვროთ, რა ადგილას მოთავსდება ჰომო ლუსონენსისი ჰომინინთა ოჯახურ ხეზე.
თუმცა, დეტრუას აზრით, ის მომდინარეობს აზიური ჰომო ერექტუსის, კერძოდ ჩინური ჰომო ერექტუსისგან, მაგრამ ამის დამტკიცებას მეტი კვლევა სჭირდება.
რომელი სახეობაც არ უნდა იყოს, გვიანდელი პლეისტოცენის ეპოქაში (126 000 – 11 700 წლის წინ) აღმოსავლეთ აზიაში ჰომო ლუსონენსის არსებობა და მისი თვისებების ავსტრალოპითეკთან მსგავსება ართულებს თეორიას, რომლის მიხედვითაც, აფრიკიდან წამოსულ ჰომინინთა პირველი ტალღა ჰომო ერექტუსების იყო, რომელსაც შემდეგ ჰომო საპიენსი მოჰყვა, 40-50 ათასი წლის წინ.
რენე გრუნის განცხადებით, ადამიანის ევოლუცია გაცილებით კომპლექსურია და სრულიად ნორმალურია, რომ წარსულში, ადამიანის რამდენიმე სახეობა ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდა.
ამ რთული ისტორიის უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, არქეოლოგები ფილიპინების სხვადასხვა კუნძულზე გათხრებს აგრძელებენ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.