„ფემენის“ აქტივისტი საარჩევნო უბანზე შეიჭრა, სადაც სილვიო ბერლუსკონიმ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
იტალიაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს ქვეყნის მოქმედმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა. პაოლო ჯენტილონიმ ხმა რომის საარჩევნო უბანზე მისცა. ექსპრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ კი მილანში. თუმცა, საარჩევნო უბანზე მისი შესვლის დროს, მცირე ინციდენტი მოხდა.
მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტი საარჩევნო უბანზე შეიჭრა. აქტივისტი მაგიდაზე ავიდა და ბერლუსკონის მისამართით განაცხადა, რომ ექსპრემიერმა თავისი ვადა უკვე ამოწურა. აქტივისტი უბნიდან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გაიყვანეს.
საკუთარი არჩევანი გააკეთეს მოძრაობა „5 ვარსკვლავის“ ლიდერმა, ასევე ყოფილმა პრემიერმა მატეო რენციმ. სულ ქვეყნის მასშტაბით 61 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. გამარჯვებისთვის კი 11 პარტია და 2 კოალიცია იბრძვის. ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 23:00 საათზე გამოქვეყნდება. პირველადი შედეგები კი ხვალ გამთენიისას გახდება ცნობილი.