„ქართული ოცნების“ აქტივისტი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დაარბიეს
„ქართული ოცნების“ აქტივისტი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დაარბიეს

„ქართული ოცნების“ აქტივისტი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დაარბიეს.

როგორც ჩიკვაიძე ყვება, დღის პირველ ნახევარში, სახლში დაბრუნებულს კარი გატეხილი, ნივთები კი გადმოყრილი დახვდა.

დაზარალებული აცხადებს, რომ სახლიდან არაფერი წაუღიათ, მათ შორის არც ძვირფასეულობა და არც თანხა.

გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ის ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა პოლიტიკურ გადაცემებში, როგორც მმართველი გუნდის მხარდამჭერი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებს სოციალურ ქსელშიც ტვირთავს, რის გამოც, მისი თქმით, ე.წ. ბოტების თავდასხმის სამიზნე ხშირად გამხდარა.

ჩიკვაიძე ყვება, რომ რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილის შტაბთან მას შკლიაროვის ე.წ. ბანდის წევრები დაემუქრნენ.

„13:00 საათზე გავედი სახლიდან. დაახლოებით 14:50 საათზე დავბრუნდი. სახლის კარი გატეხილი დამხვდა, სახლში ყველაფერი გადმოყრილი იყო. ყველა უჯრა, კარადა ღია იყო და ნივთები ძირს ეყარა. უცნაური იყო ის, რომ არაფერი არ იყო სახლიდან წაღებული, არც ძვირფასეულობა და არც ფული. ჩემი ლეპტოპი არც კი იყო გახსნილი, არც ჩაურთავთ, რომ მეფიქრა, რამე ინფორმაცია აინტერესებდათ.

ჩემი ბიზნესი მაქვს, თუმცა ვარ ასევე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი. დავდივარ თითქმის ყველა თოქშოუში და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რის გამოც არაერთხელ დამმუქრებიან როგორც „ბოტები“, ისე სხვა პირები, თუმცა სერიოზულად არ მიმიღია და არც სამართალდამცავებისთვის მიმიმართავს.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ერთი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილის შტაბთან ვიყავი, შკლიაროვის ე.წ. ბანდის წევრები დამემუქრნენ, მითხრეს, რომ ჯობდა გავჩუმებულიყავი, ეს ჩემი მომავლისთვის იქნებოდა უკეთესი. ამის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს, რომელიც დღეს სამართალდამცავებს გადავეცი. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“,- განაცხადა ჩიკვაიძემ.