ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი პირის დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო
19 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი პირის დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.
დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბში არ მონაწილეობდა, თუმცა იგი სახლში წვეულებაზე იმყოფებოდა.
ადვოკატის განცხადებით, დაკითხვა ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს უნდა დაბარებულიყო დაკითხვაზე, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ხვალ ვართ დაბარებული. ხვალ, სავარაუდოდ, 12:00 საათზე ისევ აქ ვიქნებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ინფორმაცია აქვს მომხდარ ფაქტზე. შესაბამისად კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობს ამას ვერ დაგიდასტურებთ, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა იმ წვეულებაზე ამის მეტს ვერაფერს დაგიდასტურებთ. დღეს ჩავერთე ამ საქმეში და ჩემი ინფორმაციით, აქამდე მოხდა მისი დაკითხვა და მონაწილეობა აქვს მიღებული გამოკითხვაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სრულწლოვანია“, – განაცხადა ადვოკატმა.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.