ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხულ პირებს ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდათ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხულ პირებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდათ.
როგორც ორი მოწმის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხდა, ექსპერტიზის ჩატარება საჭირო გახდა, რადგან მიმდინარე გამოძიებას აქვს ვერსია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში.
„ეს ვარაუდი რომ გამოირიცხოს, გამოძიებამ გადაწყვიტა, სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდეს კიდევ ერთხელ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არც წვეულებაზე იმყოფებოდნენ და არც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. ისინი სიტუაციის განსამუხტად წავიდნენ. როდესაც მივიდნენ, კონფლიქტი შემდგარი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, აქ ორი მხარეა, საბურთალოელები და ნახალოვკელები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დაიბარა (დასახმარებლად) ნახალოვკის მხარემ, თუმცა მაგისტრალზე ინციდენტი უკვე დასრულებული იყო“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ავტომობილით წამოიყვანეს ადგილიდან საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც ინციდენტის დროს გიორგი შაქარაშვილთან ერთად გაიქცა.
„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს არანაირ დაპირისპირებაში არ მიუღიათ მონაწილეობა, გური ამირხანაშვილმა (მთავარმა მოწმემ) განაცხადა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კარგად მოექცნენ, წამოიყვანეს თბილისში“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის დროს გიორგი შაქარაშვილთან და მის მეგობართან ერთად გაიქცა ფოტოგრაფი, რომელიც სავარაუდოდ წვეულებაზე ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.