ფედერიკა მოგერინიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა
ფედერიკა მოგერინიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომლის სათაურია „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ“.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, საქართველო ევროკავშირის უახლოესი და მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ოქტომბერში პატივი მქონდა, გამეხსნა მსოფლიოში უძველესი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. წელს საპატიო სტუმარი იყო საქართველო, ევროკავშირის უახლოესი და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩემთვის ემოციური იყო საუბარი იმაზე, რაც ჩვენ, როგორც ევროპელებს გვაერთიანებს – ჩვენი კულტურა, იდენტობა, უფრო სწორად კი ათასობით იდენტობები, რომლებიც ერთად ცოცხლობენ, როგორც ერთიანი ევროპული იდენტობის შემადგენელი ნაწილი“, – წერს ფედერიკა მოგერინი.