კალათბურთში ევროპის რანგით მეორე ტურნირის – ევროთასის გამარჯვებული თურქული „დარუშაფაკა“ გახდა, რომელსაც ცნობილი ამერიკელი სპეციალისტი დევიდ ბლატი ავარჯიშებს.
თურქებმა ფინალური სერიის პირველი ორი მატჩი რუსეთის „ლოკომოტივ-ყუბანს“ მოუგეს და ევროსარბიელზე პირველად მიაღწიეს წარმატებას. „დარუშაფაკა“ მეორე თურქული კლუბია, რომელმაც ევროთასი მოიგო. პირველი „გალათასარაი“ იყო.
პირველი შეხვედრა „ლოკომოტივის“ მოედანზე ბლატის გუნდმა ოვერტაიმში – 81:78 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ სეზონში რუსული კლუბის პირველი მარცხი. მანამდე, მას 20-დან 20 მატჩი ჰქონდა მოგებული ევროთასზე.
მეორე მატჩში „დარუშაფაკამ“ დაცვაში კარგი თამაშის წყალობით გაიმარჯვა – 67:59 (21:17, 18:16, 16:12, 12:14) და მოიგო ფინალური სერია – 2:1.
ფინალის MVP გახდა „დარუშაფაკას“ ამერიკული მცველი სკოტ უილბეკინი, რომელმაც პირველ მატჩში 24 ქულა დააგროვა, მეორეში – 28.