ბასკონიამ დარუშაფაკა დაამარცხა - შენგელია კვლავ საუკეთესოა [ვიდეო]

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, „ბასკონიამ“ საკალათბურთო „ევროლიგაზე“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიას გუნდმა, ფერნანდო ბუესას სახელობის დარბაზში, სტამბოლის „დარუშაფაკა“ უშანსოდ, ანგარიშით 82:56 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებს, კვლავ ქართველმა კაპიტანმა ულიდერა. შენგელიამ ძირითადში დაიწყო და 17:34 წუთში, 13 ქულა და 6 მოხსნა გაიფორმა. ეს მაჩვენებელი, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო აღმოჩნდა. თოკოს, გაცილებით უკეთესი სტატისტიკის დადებაც შეეძლო, თუმცა თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მისი დიდი ხნით მოედანზე დარჩენა საჭირო აღარ იყო.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, მეტ ჯენინგმა, ბასკონიელებს 8 ქულა შესძინა. თამაშმა ინტრიგა, მესამე მეოთხედის შემდეგ დაკარგა, როდესაც სხვაობამ 23 ქულა შეადგინა და პედრო მარტინესმა, გუნდის ლიდერებს, დასვენების საშუალება მისცა. ხუთი ტურის შემდეგ „ბასკონიას“ აქტივში ორი მოგება და სამი მარცხია. ბასკები ჯერჯერობით, მეათე ადგილზე არიან. მომდევნო ტურში, ვიტორიული კლუბი, საკუთარ მოედანზე, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ მიიღებს.

ცსკა-ოლიმპიაკოსი 69:65

ფენერბახჩე-ბაიერნი 88:84

ბარსელონა-მაკაბი 74:58