„უნიკახას“ დამაჯერებელი გამარჯვება ევროთასზე - შერმადინი კვლავ გამორჩეულია

მალაგას უნიკახა, შესანიშნავ ფორმაშია. ესპანური გუნდი წარმატებულ თამაშს შიდა ჩემპიონატის მსგავსად „ევროთასზეც“ განაგრძობს. მალაგელებმა ამჯერად საკუთარ მოედანზე მონტენეგროს „მორნარ ბარი“ მიიღეს და 113-76 გაანადგურეს. გიორგი შერმადინი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 14 წუთში 19 ქულა, ოთხი მოხსნა, ორი ჩაჭრა და ერთი პასი მოაგროვა.

თამაშის სცენარიდან გამომდინარე ლიდერების მოედანზე დიდ ხანს ყოფნა საჭირო აღარ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ „მორნარ ბარს“ პირველ წრეში შერმადინმა 26 ქულა ჩაუგდო, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ევროთასზე“ „უნიკახა“ საკუთარ ჯგუფს ყაზანის „უნიქსთან“ ერთად ლიდერობს. მეცხრე ტურში სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. თამაში, 12 დეკემბერს, რუსეთში შედგება.