ევროპული საბჭო გრანადაში შარლ მიშელის, ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ევროპული საბჭო გრანადაში შარლ მიშელის, ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ევროპული საბჭო გრანადაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და სომხეთის პრემირ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, შეხვედრის მონაწილე ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მათი მხრიდან სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ურყევ მხარდაჭრას. ასევე, მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გაძლიერებას სომხეთის საჭიროებებზე დაყრდნობით. განცხადების მიხედვით, ისინი შეთანხმდნენ სომხეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზე იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ყარაბაღელი სომხების მასობრივი გადაადგილების შედეგების წინაშე აღმოჩნდა.

მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ „ლტოლვილებს უნდა ჰქონდეთ თავიანთ სახლებში და თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება ყოველგვარი პირობების გარეშე საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და მათი ისტორიის, კულტურისა და ადამიანის უფლებების სათანადო პატივისცემით“.

განცხადების თანახმად, „ისინი კვლავ რჩებიან ერთგულები ყველა ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების, ერთმანეთის სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობის და ტერიტორიული მთილიანობის (სომხეთის – 29 800 კვადრატული კილომეტრი და აზერბაიჯანის – 86 600კვადრატული კილომეტრი) საფუძველზე, როგორც ეს აღნიშნული იყო პრეზიდენტ მიშელის 2023 წლის 15 მაისის და 15 ივლისის განცხადებებში“.

„ისინი გამოვიდნენ ძალის გამოუყენებლობის პრინციპის მკაცრი დაცვის მოწოდებით. ასევე, ხაზი გაუსვეს საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოს ჩატარების სასწრაფო აუცილებლობას საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის ბოლო რუკების საფუძველზე, რომლებიც მხარეებს გადაეცათ, რაც ასევე უნდა იყოს ძალების დაშორიშორების, ასევე სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების დასრულების და ყველა ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვეტის საფუძველი.

ისინი გამოდიან უფრო დიდი რეგიონული თანამშრომლობის და ყველა საზღვრის გახსნის მოწოდებით, მათ შორის სომხეთსა და თურქეთს შორის, ასევე რეგიონული კავშირების გახსნის მოწოდებით ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის სრული პატივისცემის და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე.

ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ სომხეთს და აზერბაიჯანს, გაათავისუფლონ ყველა დაკავებული, ასევე ითანამშრომლონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის გასარკვევად და განაღმვითი სამუშოების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.