ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორ ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორ ხერტ იან კოოპმანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

„საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღინიშნა, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციებს აკისრებს ერთადერთ ვალდებულებას – ყოველწლიურად დაადეკლარირონ მიღებული დაფინანსება.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.