ევოლუციის მტკიცებულებები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სხეულში იპოვოთ
ევოლუციის მტკიცებულებები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სხეულში იპოვოთ

შესაძლოა, შეურაცხმყოფელად ჟღერდეს, მაგრამ თქვენი სხეული ნამდვილი მუზეუმია, მრავალი ისეთი უძველესი რელიკვიით სავსე, რომლებიც დღეს აღარავის სჭირდება. სიბრძნის კბილით დაწყებული და ზოგიერთი ადამიანის მიერ ყურების გატოკების უნარით დამთავრებული, ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს შემოგვრჩა მრავალი ისეთი რამ, რაც ჩვენს ცხოველ წინაპრებს გადარჩენისთვის ესაჭიროებოდათ.

Vox-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში განმარტებულია, რომ ეს უცნაური გადმონაშთები მხოლოდ იმიტომ შემოგვრჩა, რომ არც ისე „ღირებული“ იყო გასაქრობად. დღეისათვის ისინი გამოსადეგია მხოლოდ ბუნებრივი გადარჩევის გზით მიმდინარე ევოლუციის დასანახად.

ერთი ცდა თავადვე შეგიძლიათ ჩაატაროთ, თანაც ახლავე. დადეთ მკლავები ბრტყელ ზედაპირზე, მიიტანეთ ერთმანეთთან ცერა და პატარა თითები. მაჯაზე ალბათ დაინახავთ ამობერილ მყესს.

შენიშნეთ? თუ ვერა, მაშინ თქვენ ადამიანთა იმ 10-15 პროცენტს ეკუთვნით, რომლებიც ამ ცნობილი მახასიათებლის გარეშე დაიბადნენ.

ეს მყესი აერთებს ხელის გულს — კუნთს, რომელიც უმეტეს ჩვენგანს გვაქვს, მაგრამ არ არსებობს მისი ქონის რეალური მიზეზი. როგორც ვიდეოშია განმარტებული, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ჩვენს წინა კიდურებზე ამ კუნთის ქონა უკვე აღარ არის მკაფიო მკლავისა და თითების მოჭერის სიძლიერის გარანტია. ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება მისი მქონე და არ მქონე ადამიანთა ხელის მტევანი.

სინამდვილეში, ის იმდენად უმნიშვნელო და უფუნქციოა, რომ ქირურგები ხშირად აჭრიან და იყენებენ სხეულის სხვა ნაწილებში ჩატარებული აღდგენითი და პლასტიკური ქირურგიული ჩარევისას.

საინტერესოა, მაშ რაში გვჭირდება ასეთი გამოუსადეგარი ქსოვილი? მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელის გულის კუნთი დღეს მრავალ ცხოველს აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად განვითარებულია იმ სახეობებში, რომლებიც წინა კიდურებს სასიარულოდ იყენებენ, მაგალითად, ლემურებსა და მაიმუნებში.

კიდევ ერთი მაგალითი — ზოგიერთ ადამიანს, შეუძლია ყური გაატოკოს მის ძირში არსებული სამი კუნთის საშუალებით.


ეს გახლავთ ჩვენი ცხოველი წინაპრებისგან გადმოყოლილი კიდევ ერთი ევოლუციური ნაშთი, რომელიც დღეს ადამიანებს აღარაფერში გვჭირდება.

დღევანელი ღამის ცხოველების უმეტესობის მსგავსად, რომლებსაც ყურების ფართო კუთხის წყალობით კარგად შეუძლიათ მათი მიმართვა ხმის გასარკვევად, მილიონობით წლის წინ ამავე ხერხს იყენებდნენ ის არსებებიც, რომლებისგანაც ჩვენ განვვითარდით.

ჩვენ ჯერ არ დაგვიკარგავს მთელი ის „აღჭურვილობა“, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.

როგორც Vox-ი აღნიშნავს, ადამიანები არა მხოლოდ ინარჩუნებენ ამ სამ კუნთს, არამედ ისინი ჯერ კიდევ რეაგირებენ ხმაზე, მაგრამ ეს რეაგირება იმდენად სუსტია, რომ აღარ შეუძლია ყურების ამოძრავება.

კანის დაბურძგვლა, კუდუსუნის ძვალი, როცა ჩვილი ბავშვები ხელს სჭიდებენ ყველაფერს, რასაც ახლოს მივუტანთ — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გადმონაშთებისა, რაც ჩვენი შორეული წინაპრებისაგან შემოგვრჩა.