აღმოჩენილია მილიარდი წლის ნამარხი, რომელიც, სავარაუდოდ, უძველეს მრავალუჯრედიან ორგანიზმს ეკუთვნის — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია მილიარდი წლის ნამარხი, რომელიც, სავარაუდოდ, უძველეს მრავალუჯრედიან ორგანიზმს ეკუთვნის — #1tvმეცნიერება

შოტლანდიის მთიანეთში აღმოჩენილი პაწაწინა ნამარხი შეიძლება ცხოველთა ევოლუციის ისტორიის ნაკლული რგოლი იყოს.

მიკრონამარხი დაახლოებით მილიარდი წლისაა და აღენიშნება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული უჯრედის ტიპი; როგორც ჩანს, ეკუთვნის უძველეს ორგანიზმს, რომელიც ერთუჯრედიან და მრავალუჯრედიან ცხოველთა შორის იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ის ამ სახის უძველესი ნამარხია და ამ აღმოჩენამ შეიძლება ცნობები მოგვცეს იმის შესახებ, როგორ და სად განვითარდა ცხოველური სიცოცხლე.

„კომპლექსური მრავალუჯრედიანობისა და ცხოველების წარმოშობა დედამიწაზე სიცოცხლის ისტორიის ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა; ჩვენი აღმოჩენა ამ ორივე საკითხს ჰფენს ნათელს“, — ამბობს შეფილდის უნივერსიტეტის პალეობიოლოგი ჩარლზ უელმენი.

მისივე განცხადებით, მათ მიერ აღმოჩენილი პრიმიტიული, სფერული ორგანიზმი შედგება ორი სხვადასხვა ტიპის უჯრედების ნაკრებისგან და წარმოადგენს პირველ ნაბიჯს კომპლექსური მრავალუჯრედიანი სტრუქტურისკენ, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა აღწერილი ნამარხებში.

ნამარხები სიგანეში 30 მიკრომეტრია და შოტლანდიაში, ვიწრო ყურე ლოხ-ტორიდონთან, დიაბაიგის ფორმაციაზე აღმოაჩინეს. ამ ზონაში აღმოჩენილია მილიარდი წლის წინანდელი ტბის მიკრონამარხები. უძველესი ტბის ფსკერის დეპოზიტები ნამარხების განსაკუთრებით კარგ მდგომარეობაში ინახავს, ქვეუჯრედულ დონეზე.

ახალი ორგანიზმი, სახელად Bicellum brasieri, იმდენად კარგად არის შენახული რამდენიმე ნამარხში, რომ მისი სტრუქტურა აშკარად ხილულია. მომწიფებულ ფორმაში მას ციცქნა სფეროს ფორმა უნდა ჰქონოდა, რომელიც შედგებოდა მჭიდროდ ჩაწყობილი, უხეშად სფერული ფორმის უჯრედებისგან (სტერეობლასტები), რომლებსაც გარს ეკრა წაგრძელებული, სოსისის ფორმის უჯრედებისგან შედგენილი, დიფერენცირებული ერთი გარე შრე.

თუმცა, ორ პოპულაციას სტერეობლასტში აღენიშნება ორი ტიპის უჯრედთა ნაზავი. მკვლევართა აზრით, ეს ამ ორგანიზმის უფრო ახალგაზრდა ფორმა უნდა იყოს, დიფერენციაციის პროცესში; განვითარებისა და სტერეობლასტების გარეთ გადაადგილების პროცესში უნდა იყვნენ სოსისის ფორმის უჯრედები.

აღმოჩენილია ამ პერიოდის სხვა მრავალუჯრედიანი ორგანიზმებიც, მათ შორის სოკოები და წყალმცენარეები, მაგრამ Bicellum-ის მორფოლოგიის; მკვლევართა განცხადებით, ისინი უფრო Holozoa-ს ჯგუფს შეესაბამება — ეს ჯგუფი მოიცავს ცხოველებსა და მათ უახლოეს ერთუჯრედიან ნათესავებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ Bicellum-ი შეიძლება დედამიწის ევოლუციური ფაზლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს — დაგვეხმაროს როგორც ერთუჯრედიანი holozoa-დან უფრო კომპლექსურ მრავალუჯრედიან ორგანიზმებში გადასვლის გაგებაში, ისე კომპლექსურ ცხოველებში გამოხატული გარკვეული თვისებების წარმოშობის დადგენაში.

„ბიოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ცხოველების წარმოშობა მოიცავდა უფრო ადრე, ერთუჯრედიან ორგანიზმებში განვითარებული გენების ჩართულობას და გადაკეთებას“, — განმარტავს ბოსტონის კოლეჯის პალეობიოლოგი პოლ სტროთერი.

მისივე განცხადებით, ის, რასაც Bicellum-ში ვხედავთ, ასეთი გენეტიკური სისტემის მაგალითია, ჩართულია უჯრედთა მიწებება და დიფერენციაცია, რაც შეიძლება გაერთიანებული იყო ცხოველთა გენომში ნახევარი მილიარდი წლის შემდეგ.

აღმოჩენამ შეიძლება ასევე შეავსოს გარკვეულწილად მწირი ცნობები სიცოცხლის სპეციფიკური ფორმების განვითარების ადგილის შესახებ. სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მიმდინარე დებატების ერთ-ერთი ყველაზე ცხარე ნაწილი ის არის, ეს პროცესი მლაშე ოკეანეებში მოხდა თუ ხმელეთის მტკნარ ტბებში.

გამომდინარე იქიდან, რომ სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ 3,2 მილიარდი წლის წინ დედამიწა ძალიან სველი ადგილი უნდა ყოფილიყო, ამავე დროს გვაქვს 3,5 მილიარდი წლის წინანდელი ნამარხებიც, ყველაზე პირველი მიკრობული სიცოცხლე ალბათ ზღვის გარემოში უნდა აღმოცენებულიყო, მაგრამ Bicellum-ის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ამ პროცესში ტბებიც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.

„ამ ახალ ნამარხთა აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ მრავალუჯრედიან ცხოველთა ევოლუცია სულ მცირე ერთი მილიარდი წლის წინ მოხდა და ცხოველთა ევოლუციამდელი მოვლენები შეიძლება უფრო მტკნარ ტბებში მიმდინარეობდა, ვიდრე ოკეანეში“, — ამბობს უელმენი.

ჩვენს გასაოცარ პლანეტაზე მიმდინარე მრავალი პროცესის მსგავსად, სავარაუდოა, რომ ინგრედიენტების კომპლექსურმა ნაზავმა შეიტანა წვლილი ისეთი დედამიწის ევოლუციაში, როგორსაც ჩვენ დღეს ვხედავთ და გვიყვარს. მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ დიაბაიგის ფორმაცია შეიძლება კიდევ უფრო მეტ გასაღებს ფლობდეს ამ მომაჯადოებელი ამბის შესახებ.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sheffield.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.