ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს
ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით დონდუამ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გასული რაუნდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც 8-9 ოქტომბერს გაიმართა.
როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, რაუნდზე მწვავედ დაისვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მილიტარიზაციასთან, დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან და სხვა უკანონო ქმედებებთან, რეგიონებში მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რაუნდზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებზე, ასევე ცხინვალის რეგიონში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.
დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ჟენევაში მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის თემა და ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ ქმედებებზე, რის შედეგადაც, რამდენიმე ოჯახმა საკუთარ კარმიდამოზე წვდომა დაკარგა.
არსებული გამოწვევების ფონზე, აღინიშნა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეუფერხებელი მუშაობის აუცილებლობა, ფუძემდებლურ პრინციპებსა და წესებზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, საქართველოს ელჩმა დელეგატებს ასევე აცნობა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული მოსახლეობის დაბრუნების საკითხის განხილვისას, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავაც დატოვეს მოლაპარაკებები.
ამასთან, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ცალსახად დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დელეგაციებმა ასევე გამოხატეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და IPRM-ის ფორმატების მიმართ. გამომსვლელებმა გამოთქვეს შეშფოთება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ხელოვნური ბარიერების აღმართვის, უკანონო დაკავებებისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გზით. მათ ასევე ისაუბრეს ტატუნაშვილის, ბაშარულისა, ოთხოზორიასა და კვარაცხელიას საქმეებზე და განაცხადეს, რომ მსგავს საქმეებზე დაუსჯელობა აღვივებს კონფრონტაციასა და უნდობლობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირისა და აშშ-ს დელეგაციებმა გამოხატეს მწუხარება მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მონაწილეების მიერ მოლაპარაკებების დატოვებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა მონაწილეებს, თავი შეიკავონ ქმედებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ნაკისრ ვალდებულებებს.
ამასთან, ევროკავშირის, უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.