დავით დონდუა - მოლაპარაკებებზე მწვავედ დავაყენეთ ბაშარულის, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის საკითხი, მათი რეაქცია იყო ცინიკური
დავით დონდუა - მოლაპარაკებებზე მწვავედ დავაყენეთ ბაშარულის, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის საკითხი, მათი რეაქცია იყო ცინიკური

საკმაოდ მწვავედ დავაყენეთ მოლაპარაკებებზე ბაშარულის, ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება და დამნაშავეთა დასჯა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც დონდუამ აღნიშნა, „მათი რეაქცია იყო ისეთივე ცინიკური, როგორიც ადრე და როგორიც ყოველთვის“.

„ახალი არაფერი მათგან არ გაგვიგია და მოგვისმენია. მართალი გითხრათ, დიდად არც მოველოდით. კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, რომ ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი და სანამ ამ საკითხებზე არ იქნება პასუხი გაცემული და იგულისხმება მართლმსაჯულების აღდგენა, მანამდე ძალიან ძნელია საუბარი წინსვლაზე და ძნელია საუბარი რაღაც პოზიტივებზე კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით“,- განაცხადა დონდუამ.

მისივე თქმით, დღეს ასევე ისაუბრეს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებაზე.

„დღეს ასევე ვისაუბრეთ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებაზე, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს არის რუსეთის სამხედრო ყოფნა, შეიარაღება, გადაიარაღება, მუდმივი სამხედრო წვრთნები, მასშტაბური წვრთნები და მანევრები, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა და გახშირებული გატაცებები“,- განაცხადა დავით დოდნუამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმაც, რომელმაც კვლავ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სანქცირებულ პირთა სიას ვითარება ჩიხში შეჰყავს“.