გრიგორი კარასინი - სანქცირებულ პირთა სიას ვითარება ჩიხში შეჰყავს
გრიგორი კარასინი - სანქცირებულ პირთა სიას ვითარება ჩიხში შეჰყავს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი დასრულდა. მოლაპარაკებების მეორე დღეს შეხვედრა შვიდ საათს გაგრძელდა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე კონკრეტული შეთანხმება არ მიღწეულა. როდის გაიმართება ან რა დღის წესრიგით გალისა და ერგნეთის შეხვედრები, უცნობია.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პირველ არხს განუცხადა, შეხვედრაზე იგრძნობოდა, რომ მოლაპარაკებების დაწყებიდან 10 წელი გავიდა.

„ამ პერიოდში ვისწავლეთ ცივილური, კულტურული ურთიერთობა რთულ თემებზე საუბრისას. ეს ასე ადრე არ იყო. პირველ წლებში იყო ხმამაღლა საუბარი, ყვირილი და დემარში, ხშირად გადიოდნენ შეხვედრებიდან მონაწილეები. ეს ყველაფერი დღეს არ ყოფილა. ყველამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ძალიან კარგია, რომ ეს 10 წელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე გავიდა. ეს შეხვედრაზე ითქვა. რა თქმა უნდა, ცუდი ამბებიც ხდება. ადგილი აქვს ტრაგედიებს, მოვლენების დრამატულ განვითარებას, მაგრამ მაინც ყალიბდება მექანიზმები პრობლემების გადასაჭრელად. მე როგორც ვიცი, თანათავმჯდომარეები ორი დღე ჟენევაში დარჩებიან. ისინი განიხილავენ მოლაპარაკებების შედეგებს და რა გზით, როგორ შეიძლება წინ წავიდეთ. მოგვიანებით მათ ჩვენც შევხდებით. ჩამოვლენ ნოემბერში და გავცვლით ინფორმაციას“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე და აღნიშნა, რომ სანქცირებულ პირთა სიას „ვითარება ჩიხში შეჰყავს“.

„რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს, ძალიან რთულია კონკრეტული პასუხის გაცემა. მე ვფიქრობ და ამის იმედი მაქვს, რომ არსებობს სივრცე კომპრომისის მისაღწევად და შეხვედრების გასაგრძელებლად. ასე გეტყოდით, ერთმა მხარემ უნდა შეარბილოს საკუთარი რიტორიკა. არ მინდა კონკრეტულად ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ისმის მუდმივად ლაპარაკი სანქცირებულ პირთა სიაზე, ამ სიაში ხვდებიან ოფიციალური პირები, ისმის დაღუპულთა გვარები ტატუნაშვილი-ოთხოზორია, ამ ყველაფერს ვითარება მაშინვე ჩიხში შეჰყავს. ეს საკითხი, როგორც ერთ-ერთი საკითხი ისე უნდა განვიხილოთ და არ არის საჭირო ყველაფერი ამ ულტიმატუმის მსგავს საქციელს დაუკავშირდეს. ეს არ უნდა იყოს წინაპირობა. უნდა მოხდეს შეხვედრა და ერთ-ერთ საკითხად იყოს განხილული“, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

მისივე თქმით, ჟენევის ფორმატში დახურული თემები არ არსებობს.

„თუ რომელიმე მხარეს სურს საკითხის განხილვა, მაშინ ეს საკითხი უნდა დაისვას და განვიხილოთ, მაგრამ არ შეიძლება ამ თემით მთელი დღის წესრიგი დავხუროთ. შედგეს შეხვედრა, შევიდეს ერთ-ერთ საკითხად, განიხილონ მონაწილეებმა ეს ტრაგიკული შემთხვევები, მაგრამ ძირითად და ერთადერთ საკითხად არ იყოს დასმული. თარიღთან და შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმება არ არის. მაქვს დიდი იმედი, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.