დავით დონდუა - რიტორიკულად თუ დეკლარირებულად ყველა აღიარებს, რომ ერგნეთისა და გალის მექანიზმები არის მნიშვნელოვანი და უნდა შენარჩუნდეს
დავით დონდუა - რიტორიკულად თუ დეკლარირებულად ყველა აღიარებს, რომ ერგნეთისა და გალის მექანიზმები არის მნიშვნელოვანი და უნდა შენარჩუნდეს

რიტორიკულად თუ დეკლარირებულად ყველა აღიარებს, რომ ერგნეთისა და გალის მექანიზმები არის მნიშვნელოვანი და უნდა შენარჩუნდეს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განუცხადა.

„დღეს ორივე მექანიზმი ანუ ერგნეთისა და გალის მექანიზმები საფრთხის ქვეშ არის. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი ეს იყო, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც წვლილი შეაქვს ადგილზე შედარებითი სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა დავით დონდუამ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების მხრიდან იყო სრული ერთსულოვნება.

„კონკრეტულ შედეგს ვერ გეტყვით, რადგან კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. ერთი, რაც იმედს გვაძლევს, ის არის, რომ რიტორიკულად თუ დეკლარირებულად ყველა აღიარებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმები და უნდა შენარჩუნდეს. ზოგიერთების ამ რიტორიკის უკან ჩვენ ვერ ვხედავთ ბოლომდე რეალურ მზაობას, რადგან მექანიზმებს იყენებს შანტაჟისთვის, პროვოკაციებისთვის, თემის პოლიტიზირებისთვის და ეს ხელს უშლის პროცესს. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი ვერც კარგს და ვერც ცუდს. მე მაინც მაქვს იმედი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ამ მექანიზმების მუშაობას ხელი აღარ შეეშლება“, – განაცხადა დავით დონდუამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმაც, რომელმაც კვლავ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სანქცირებულ პირთა სიას ვითარება ჩიხში შეჰყავს“.