დავით დონდუა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სიტუაციას შეეხება
დავით დონდუა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სიტუაციას შეეხება

ლუქსემბურგში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიაზე წარსადგენად საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სიტუაციას შეეხება, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციას ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სავარაუდოდ, ხვალ განიხილავენ.

„ჩვენი დელეგაცია აქტიურად მუშაობს, რომ მოიპოვოს პარტნიორების მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ ეს რეზოლუცია იქნას მიღებული. დოკუმენტში ვრცლად არის წარმოდგენილი, თუ რა სიტუაციაა უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და უარი თქვას საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების არალეგალურ აღიარებაზე.

დონდუას განცხადებით, რეზოლუცია რუსეთს ასევე მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან.

მისივე თქმით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა არ უნდა შეუშალოს ხელი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას ოკუპირებულ რეგიონებში და დევნილების უკან დაბრუნებას საკუთარ სახლებში.

საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, რეზოლუციაში ხაზგასმულია მოწოდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენის შესახებაც.

„დოკუმენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, დააწესონ შესაბამისი შეზღუდვები და სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც არიან ამ სიაში. ასევე, რეზოლუცია მიესალმება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას“, – განაცხადა დონდუამ.