დავით დონდუა - ჟენევის ფორმატს თავისი წვლილი აქვს იმაში, რომ დღეს არ არის საომარი მოქმედებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მშვიდობას 
დავით დონდუა - ჟენევის ფორმატს თავისი წვლილი აქვს იმაში, რომ დღეს არ არის საომარი მოქმედებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მშვიდობას 

უნდა ვიმუშაოთ პრინციპებზე დაფუძნებით, რომლებიც ათი წლის წინ შეთანხმდა და ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ პირველ არხს განუცხადა.

როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, ჟენევის შეხვედრზე მთავარი აქცენტი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების აღდგენაზე იქნება.

„ადვილი რაუნდი არ მახსოვს. ჟენევაში ყველა მძიმე რაუნდია. ბოლო შეხვედრები ერგნეთში და გალში ჩაიშალა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში გვქონდა არაფორმალური კონსულტაციები თანათავმჯდომარეებთან და სხვა მონაწილეებთან. იმედი ვიქონიოთ, რომ მონაწილეები გამოიჩენენ გონიერებას და დაუბრუნდებიან ამ მექანიზმის ფორმატში. არანაირი პირობა ჩვენ არ გვაქვს. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც მიმდინარეობდა. უნდა ვიმუშაოთ იმ პრინციპებზე დაფუძნებით, რომლებიც ათი წლის წინ შეთანხმდა და ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობდა. წინაპირობა და დაშანტაჟება ჩვენთვის მიუღებელია.ყველას მოვუწოდებთ, რომ ყოველგვარი წინაპირობისა და პოლიტიზირების გარეშე გაგრძელდეს მუშაობა. როგორც კი დაიწყეს წინაპირობების, პოლიტიკური საკითხების წამოყენება და დაშანტაჟება, ამიტომ მოხდა, რაც მოხდა. ჩვენ არ გვაქვს წინაპირობა. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ პატივი ვცეთ პრინციპებს, რომლებიც ათი წლის წინ შეთანხმდა და ახალი ამ პრინციპებში არაფერია”, – განაცხადა დავით დონდუამ.

მისივე თქმით, ჟენევის ფორმატი არის მექანიზმი, რომელიც უშუალოდ რეაგირებს ყოველდღიურ პროვოკაციებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

„ეს ფორმატი არ უნდა დაიკარგოს და რომ დაიკარგოს, მაშინ არსებობს და არ ვაჭარბებ, მართლა არსებობს სიტუაციის ესკალაციის საფრთხე. ჟენევის ფორმატს თავისი წვლილი აქვს იმაში, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს არის მშვიდობა ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ არ არის ყოველდღიური სროლა, ყოველდღიური მკვლელობები და საომარი მოქმედებები, არ ნიშნავს მშვიდობას. მშვიდობაა, როცა დაცულია ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი, ქვეყანას და მის მოსახლეობას აქვს საშუალება ჰარმონიულად განვითარდეს”, – განაცხადა დონდუამ.

 

დატოვე კომენტარი