დავით დონდუა - ხდება სამუშაო ფორმატის ხელოვნურად პოლიტიზება, რაც საფრთხეს უქმნის ჟენევის მოლაპარაკებებს
დავით დონდუა - ხდება სამუშაო ფორმატის ხელოვნურად პოლიტიზება, რაც საფრთხეს უქმნის ჟენევის მოლაპარაკებებს

ხდება სამუშაო ფორმატის ხელოვნურად პოლიტიზება, რაც საფრთხეს უქმნის ჟენევის მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს შედგა შეხვედრები თანათავმჯდომარეებთან ეუთო-დან, გაერო-დან, ევროკავშირიდან და აშშ-ს მონაწილეებთან.

„გავიარეთ ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგი და დიდი ყურადღება გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის განახლებაზე, რომელიც რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გამო შეჩერებულია. იმედი გვაქვს, რომ მონაწილეები გამოიჩენენ გონივრულობას და დაუბრუნდებიან ფორმატს, რომელიც აქამდე პოლიტიზების გარეშე სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა. რაც ახლა ხდება, ეს არის სამუშაო ფორმატის ხელოვნურად პოლიტიზება, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო ამ მექანიზმებს, არამედ მთლიანად ჟენევის მოლაპარაკებებს. ეს არ არის ცალკე მდგომი მექანიზმები. ეს ყველაფერი არის ჟენევის მოლაპარაკებების არქიტექტურის ნაწილი. სრული გაგებაა თანათავმჯდომარეების მხრიდან. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მექანიზმები აღდგეს. დროის გაწელვა გაართულებს საქმეს“, – განაცხადა დავით დონდუამ.

რაც შეეხება ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლების დასახელებულ მიზეზს, დავით დონდუა ამბობს, რომ ეს არის შანტაჟი.

„ეს არის ყურით მოთრეული საკითხი და არაფერი საერთო არ აქვს იმ პრინციპებთან. ათი წლის განმავლობაში ეს პრინციპები მუშაობდნენ. რამდენიმე პრინციპია შეთანხმებული და მათ შორის ის, რომ ყველა მონაწილეს აქვს უფლება, თავისი სურვილის მიხედვით წარადგინოს საკითხები, რომლებსაც ის აქტუალურად მიიჩნევს მოცემულ მომენტში. ასე რომ, არავის აქვს უფლება, ვინმეს აუკრძალოს საკითხის დღის წესრიგში შეტანა. მონაწილეები თავმჯდომარეს აწვდიან საკითხებს და ის ადგენს დღის წესრიგს. ეს არის ელემენტარული შანტაჟი და შანტაჟის ენით საუბარი კარგს არაფერს მოუტანს ამ ფორმატებს. ერგნეთის შეხვედრა უნდა გაიმართოს ნოემბერში და გალის შეხვედრასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება“, – აღნიშნა დონდუამ.