ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მამუკა ბახტაძის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობაა.
„გასაგებია, რომ ბახტაძე არის ნომინალური პრემიერი, რადგან რეალურად ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი და ის დიდწილად ეყრდნობა შს მინისტრს, გახარიას რეჟიმის მართვისას. თუმცა ამ ნომინალური უფლებამოსილების ფარგლებშიც, პრემიერ ბახტაძეს აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უმაღლეს კანონს და ინტერპელაციის მექანიზმის მიხედვით, გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში 22 მარტს, რადგან ეს არის სწორედ ის თარიღი, რომელსაც ემთხვევა პირველი ინტერპელაციის შესაძლებლობას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით“, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.