ნიკა მელია - მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც დღემდე სხვა პოზიციაზე იყვნენ, რიგ საკითხებზე შეიცვალეს დამოკიდებულება, კარგი იქნებოდა, ეს აქამდეც მოგვეხერხებინა
ნიკა მელია - მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც დღემდე სხვა პოზიციაზე იყვნენ, რიგ საკითხებზე შეიცვალეს დამოკიდებულება, კარგი იქნებოდა, ეს აქამდეც მოგვეხერხებინა

მოხარული ვარ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პარტიამ გამოავლინა უპრეცედენტო ერთობის უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც დღემდე იყვნენ სხვა პოზიციაზე, შეიცვალეს დამოკიდებულება რიგ საკითხებზე, მათ ეს ეტყობათ რიტორიკაში, კარგი იქნებოდა, რომ აქამდეც მოგვეხერხებინა ეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, „ხვალიდან პარტიის მხრიდან კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება მოხდება“.

„რაც შეეხება გენერალურ მდივანს, მას აქვს წვდომა ყველა ფინანსურ, მატერიალურ რესურსზე, განსხვავებით პარტიის თავმჯდომარისგან. მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, რომ აბსოლუტურად ნეიტრალურ ადამიანს დაეკისრება არჩევნებამდე ამ უფლებამოსილების განხორციელება. ეს შეეხო არა მხოლოდ პეტრე ცისკარიშვილს, არამედ ზურაბ მელიქიშვილსაც“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება.

„ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანის თარიღი არის მნიშვნელოვანი, მანამდე გაიმართება პროცესები, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ბოლო თარიღი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის თხოვნა. უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა მოდიოდა თანხვედრაში ადვოკატების გეგმასთან არა იმიტომ, რომ ჩვენ დავსხედით და ასე მოვიფიქრეთ, ბუნებრივად შეიქმნა ის მდგომარეობა, რომელიც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას.  პარტია იცავს პირობას. ვისურვებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ წევრში იყოს ის წადილი და სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტად აქტიურები იყვნენ. შეიძლება, დამაბრალო ყველაფერი, მაგრამ ეს პრეტენზია აბსოლუტურად მიუღებელია. თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, სხვაგან გაეშვირა თითი და პრეტენზია პრეტენზიისთვის გაეცხადებინა, ესეც მისაღებია. ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს“, – განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა.