რომან გოცირიძე - პარლამენტში სპორტსმენები „მდუმარე დეპუტატების“ სიაში მოსახვედრად მოდიან
რომან გოცირიძე - პარლამენტში სპორტსმენები „მდუმარე დეპუტატების“ სიაში მოსახვედრად მოდიან

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ისეთივე პრინციპით არის შედგენილი, როგორც 2016 წელს იყო – წარუმატებელი მთავრობა, დეპუტატები და შესალამაზებლად უცნობი ადამიანები, რომლებიც ოთხი წლის შემდეგ პარლამენტიდან გასვრილები გადიან – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის ახალი სახეების საპარლამენტო საქმიანობა ეფექტური ვერ იქნება.

გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში სპორტსმენების დასახელებაზე და აღნიშნა, რომ მათი პარლამენტში მოხვედრის მიზანი „მდუმარე დეპუტატების“ როლის შესრულებაა.

„ხომ გინახავთ, ბუხრის მწმენდავები, განსაკუთრებით ევროპაში, ლამაზად ჩაცმულები რომ ჩადიან ბუხარში და გაშავებულები გამოდიან? პარლამენტში შემოვლენ ლამაზი სახეები და ოთხი წლის შემდეგ ისეთები გამოვლენ, რომ საზოგადოებას ვერ დაენახებიან. ეს ერთხელ უკვე ვიხილეთ. ეს სია სამი ნაწილისგან შედგება – გავრილოვის სია, თავისი ჯალათებითა და ინსპირატორებით; საშუალო რანგის ჩინოვნიკები – ჯერ კიდევ გაუსვრელები, უცნობები და ნაკლებად გამაღიზიანებლები და მესამე – ტრადიციულად, შესალამაზებელი სპორტსმენები. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ექვსი სპორტსმენი იყო, მერე რა მოხდა ამით? რამე გაკეთდა? ეს სპორტსმენები, რომლებიც ყველასათვის საყვარელი ადამიანები იყვნენ, მართლაც უზარმაზარ ემოციებს ვდებდით რაგბიშიც და კალათბურთშიც, პარლამენტში ხელფასი 3 000 ლარია და ხელფასისთვის ხომ არ მოდიან?! რაღაცისთვის მოდიან, ეს რაღაც კი არის ყოველ წელს მდუმარე დეპუტატების სიაში მათი მოხვედრა. თუ ეს უნდათ, იყვნენ. საბოლოო ჯამში, ყველა ერთ ქვაბში მოიხარშება და გამოვა ნახარში – მორჩილება, პაიკებად ქცევა, ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შესრულება“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში ყველამ, ვისაც ღირსება ჰქონდა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა.

„ამ მორჩილებისა და ღირსების შემლახავი ქმედებების შედეგი იყო საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა, ყველა გაიქცა, ვისაც ღირსება ჰქონდა, სწორედ იმ ახალი სახეების ნაწილი, რომლებიც მაშინაც შესალამაზებლად მოიყვანეს, მიხვდნენ, რომ თავის შერცხვენა არ ღირდა. ეს არის ივანიშვილის სია, რომელიც დაღდასმულია ერთი ნიშნით – იყავი პაიკი და სხვა რამეზე არ იოცნებო”, – განაცხადა გოცირიძემ.