თინა ბოკუჩავა - ევროკავშირის ელჩი, რომელიც საქართველოს ევროპული მიზნების რეალიზებისთვის ყოველდღიურად მუშაობს, ხდება კრიტიკის სამიზნე, ეს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურობაზე მეტყველებს
თინა ბოკუჩავა - ევროკავშირის ელჩი, რომელიც საქართველოს ევროპული მიზნების რეალიზებისთვის ყოველდღიურად მუშაობს, ხდება კრიტიკის სამიზნე, ეს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურობაზე მეტყველებს

ის, რომ ევროკავშირის ელჩი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს, რომ საქართველომ შეძლოს საკუთარი ევროპული მიზნების რეალიზება, ხდება კრიტიკის სამიზნე ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა მაღალჩინოსნის მხრიდან, კიდევ ერთხელ მეტყველებს ღიად „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

აღნიშნულით ბოკუჩავა გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაზე მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებებს.

„ის, რომ ევროკავშირის ელჩი, რომელმაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმების მიღწევაში და ზოგადად, ყოველდღიურად მუშაობს, რომ საქართველომ შეძლოს საკუთარი ევროპული მიზნების რეალიზება, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ის, რომ ამგვარი საქართველოსთვის და მისი ეროვნული ინტერესებისთვის მებრძოლი ელჩი ხდება ასეთი კრიტიკის სამიზნე ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა მაღალჩინოსნის მხრიდან, იქნება ეს ღარიბაშვილი, კობახიძე, წულუკიანი თუ კალაძე, კიდევ ერთხელ მეტყველებს ღიად „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურობაზე.

„ქართული ოცნება“ თავს ესხმის დასავლეთს, უარს აცხადებს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, გადის ევროკავშირის შეთანხმებიდან, ზურგს აქცევს ევროკავშირს და შესაბამისად, საქართველოს ევროპულ მომავალს, ამიტომ, ამგვარი კრიტიკა უკვე გასაკვირი აღარ არის ელჩი ჰარცელის მიმართ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ორი დღის წინ განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, ძალადობრივი დაპირისპირების მოედნად აქციოს მათ შორის ევროკავშირის ოფისი.

მეც ვიმყოფებოდი შენობაში მრავალი საათის განმავლობაში, როდესაც ელჩის თხოვნით, ჩვენ არ ვტოვებდით შენობას, ვიდრე ის პირადად არ მიიღებდა უსაფრთხოების გარანტიებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ორი საათის განმავლობაში მან აღნიშნული უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღო და არ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ამხელს „ქართული ოცნების“ ძალადობრივ სახეს, რომელიც ევროკავშირის ელჩსაც კი უარს ეუბნება უსაფრთხოების გარანტიებზე, ასევე ამხელს მათ ანტიდასავლურობას. ისინი მზად არიან, ძალადობრივი დაპირისპირების მოედნად აქციონ მათ შორის ევროკავშირის ოფისი და იქ მოახდინონ მათი ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გუშინდელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, წუხს, რომ ევროკავშირის ოფისის წინ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, თუმცა მისასალმებელია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს, მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება“, – აღნიშნა ჰარცელმა.

ელჩის აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტი სირბილე ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება, გაიგოს, როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის“.

ამასთან განცხადება გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმაც. მისი თქმით, „სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო“.