ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი - არც ერთ კადრში არ ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რაიმე სახის კონფლიქტში იყო ჩართული
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ს-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ გვიან ღამით გადაეცათ მტკიცებულებები და დაცვის მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, პირველი სხდომისთვის სათანადოდ მომზადებულიყვნენ.
ადვოკატის თქმით, არც ერთი მოწმე არ საუბრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი რომელიმე კონფლიქტში მონაწილეობდა.
„არც ერთი მოწმე არ საუბრობს, რომ მან ვინმეს მიაყენა შეურაცხყოფა. ასევე ჩვენ გადმოგვეცა კადრები, სადაც მითითებული არის ბრალდების მხარის მიერ, რომ იყო ძალადობა. არც ერთ კადრში არ ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო ჩართული რაიმე სახის კონფლიქტში და იყო ძალადობა.
ახლა ხელთ მაქვს გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოთხი ოქმი. აქ არის გამოკითხვის ოქმი, სადაც ამირხანაშვილი საუბრობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც შეხვდნენ მცხეთასთან, ხიდთან. არის მეორე ჩვენება, სადაც საუბრობს, რომ მის მიმართ არანაირ იძულებას ადგილი არ ქონია, იგი იძულების წესით არ წაუყვანიათ. მას ჰქონდა შეთავაზება, რომ შეეძლო დარჩენა. არსებობს ამირხანაშვილის არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. რატომ დაუჯერა პროკურატურამ იმ ჩვენებას, სადაც ამბობს, რომ იძულების წესით წაიყვანეს? არსად არ საუბრობს, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენეს მას მანქანაში ან ვინმე ფიზიკურად გაუსწორდა. სად არის აქ თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სად გადის ზღვარი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ქუჩაში არ დატოვებას შორის? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ არასრულწლოვნის ინტერესს“,- განაცხადა გელხაურმა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.