ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი წარადგინეს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი წარადგინეს.
მიხეილ გიორგაძემ მსოფლიო ლიტერატურულ-კულტურულ სფეროში უდიდეს პლატფორმაზე, ქართული კულტურისა და ლიტერატურის წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მედეა მეტრეველთან ერთად პროექტის კონცეფცია, განხორციელებული და დაგეგმილი ლიტერატურული პროგრამა წარადგინა. ამასთან, მინისტრმა გამარჯვებული პროექტის დეტალებზე ისაუბრა.
პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ 2018 წელს საქართველო ყველაზე დიდი ლიტერატურული წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანაა.
წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მედეა მეტრეველის თქმით, კონკურში გამარჯვებული პროექტის ავტორი გია ბოხუას სტუდიაა, ანიმაციური კლიპის კონცეფციის ავტორი კი მწერალი აკა მორჩილაძეა.
როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ღონისძიებები გერმანიაში 29 ქალაქში დაიგეგმა და საქართველო 300-ზე მეტ ახალ თარგმანს წარადგენს.
დღეს ყურადღება მარტის თვეში დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილეს. მხოლოდ მიმდინარე თვეში 7 გერმანულენოვან ქალაქში (კიოლნი, ლაიფციგი, ბერლინი, ვენა, ზალცბურგი, ჰალე, ფრანკფურტი) 27 ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი ავტორის 50 ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. დაგეგმილია ოთარ ჭილაძის, ილია ზდანევიჩის, გურამ ასათიანისა და მიკა ალექსიძის გერმანულენოვანი თარგმანების პრეზენტაციები. გერმანულენოვანი საზოგადოების წინაშე წარდგებიან აკა მორჩილაძე, ნაირა გელაშვილი, რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, ლუკა ბაქანიძე, დათო ბარბაქაძე, ლევან ბერძენიშვილი, ალეკო შუღლაძე, ბესო ხვედელიძე, ნინო ხარატიშვილი, რევაზ გაჩეჩილაძე, ეკატერინე ტოგონიძე, ზურაბ რთველიშვილი, ლაშა ბუღაძე, კოტე ჯანდიერი, ნატო ინგოროყვა, ნიკა ჯორჯანელი, ზურაბ ქარუმიძე, ბესიკ ხარანაული, ნინო სადღობელაშვილი, ზაზა ბურჭულაძე და სხვები.
ფრნკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურული ინსტიტუციების წარმომადგენლები, ლიტერატორები, მწერლები და გამომცემლები ესწრებოდნენ.