ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე, რომელიც ქართულ და რუსულ საგუშაგოს შორის, ღია ცის ქვეშ იმართება, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხებს განიხილავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროისის მოადგილის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, არაგეგმური შეხვედრა სუს-ის მოთხოვნით ჩაინიშნა.

„აღნიშნული შეხვედრა ჩაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნით. ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელსაც რამდენიმე ამოცანა აქვს: მთავარია, უახლოეს პერიოდში მოხდეს ცხედრის გადმოცემა; მეორე – ადამიანებს, რომლებიც კვლავ ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან, მიეცეთ შესაძლებლობა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია და მთავარი – უნდა მოხდეს ამ საქმის სიღრმისეული, გამჭვირვალე გამოძიება“, – განაცხადა ქემოკლიძემ.