ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს
ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“  ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა, მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, არასრულწლოვანი ახალგაზრდის შემთხვევასთან დაკავშირებით. ამ ფონზე ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა და აზრი აღარ აქვს იმ საკითხზე მსჯელობას და კამათს, რაზეც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა საკრებულოში აჟიოტაჟი. თუმცა უნდა გაცნობოთ გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი და ყველას ხაზგასმით განვუმარტე, რომ უმრავლესობა კანონით დადგენილი პროცედურების მიხედვით შეიკრიბებოდა და ერეკლე კუხიანიძის განცხადებებზე გამოიტანდა გადაწყვეტილებას. გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი, უმრავლესობის თითოეული წევრის სინდისის კარნახით იქნებოდა მოტივირებული და არა იმ სპექკტაკლით, რომელიც გუშინ მთელი დღე საკრებულოში მიმდინარეობდა. ჩვენ შევიკრიბეთ პროცედურით დადგენილ ვადებში და გადავწყვიტეთ, ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენოთ შუამდგომლობა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ“ ,- განაცხადა  ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება საკრებულოს დატოვებას, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ პირადი განცხადება შეიძლება, იყოს.

„რადგან ამის სხვა იურიდიული მოტივი არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ამას ვერაფრით ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება“ ,- დასძინა ბექა დავითულიანმა.

უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.