საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს
საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!“ – წერს ერეკლე კუხიანიძე.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა,  15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება შეკრება, რის შემდეგაც აქცია გაიმართება საოკუპაციო ხაზთან.