პაატა ბელთაძე - მთავარი უნდა იყოს ბიზნესის კეთება არა ნაკლები ფინანსური, არამედ ნაკლები ადამიანური დანაკარგებით
პაატა ბელთაძე - მთავარი უნდა იყოს ბიზნესის კეთება არა ნაკლები ფინანსური, არამედ ნაკლები ადამიანური დანაკარგებით

„ბიზნესის კეთება არა ნაკლები ფინანსური დანაკარგებით, არამედ ნაკლები ადამიანური დანაკარგებით, ეს უნდა იყოს უმთავრესი ამოსავალი, სახელმწიფო და ადამიანი უნდა იყოს უზენაესი, ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, „სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პაატა ბელთაძემ განაცხადა და ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარს გამოეხმაურა.

პაატა ბელთაძეს ბათუმში მომხდარზე კითხვები აქვს. მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგია.

„სამწუხაროდ, სახელმწიფოს აქვს ერთიანი ხედვა, სტრატეგია და კონცეფცია, როგორ უნდა მოხდეს ნებისმიერი საფრთხის კონტროლი, პრევენცია და რისკების შემცირება, იგივე ვრცელდება ხანძარსაწინააღმდეგო წესებზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს მიიღეს კანონი სამოქალქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო წესებზე ზედამხედველობასაც მოიცავს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს.

სამწუხაროდ, მოვლენა რომელიც ბათუმში მოხდა და ადამინების სიცოცხლე შეიწირა, ბადებს ძალიან ბევრ შეკითხვას, მათ შორის, არსებობდა თუ არა კონტროლი და რა პერიოდულობით მოწმდებოდა აღნიშნული ობიექტი. ასევე, დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენეს თუ არა რაიმე სანქცია და გაიცა თუ არა წერილობითი რეკომენდაცია.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულ შემთხვევებში ყველა კითხვას, რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი“, – განაცხადა პაატა ბელთაძემ.

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი უფლებამოსილია შევიდეს და დაათვალიეროს კონკრეტული ობიექტი. როგორც ბელთაძე ამბობს, თუ სისტემური შეუსაბამობა დადგინდება, რომელმაც შესაძლოა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, საგანგებო სიტუაციების სამსახურს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და ფუნქციონირება შეუჩერდეს ობიექტის ნაწილს ან მთლიანად ობიექტს.

„ეს ჩანაწერი ჩვენს კანონმდებლობაში გვაქვს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად აღსრულებადია ეს ნორმა და რამდენად ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციას.

სამწუხაროდ, ქობულეთში მომხდარმა ფაქტმა, ბათუმში მომხდარმა ფაქტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება არ არის იმ მასშტაბების, რომ ვისაუბროთ საფრთხეების შემცირებაზე.

გამოძიება, ბრალის დამძიმება, პასუხისმგებლობის დაკისრება, რა თქმა უნდა, არის მოქმედების ერთი მიმართულება, მაგრამ უფრო მნიშნველოვანია, მაქსიმალურად მოხდეს ამ უსაფრთხოების წესების ცხოვრებაში გატარება, რათა მინიმუმამდე შევამციროთ მსგავსი შემთხვევები და რისკები მომავალში“, – აცხადებს ექსპერტი პაატა ბილტაძე.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.