ექსპერტი - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მომენტში თითქმის ფხიზელი იყო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ განაცხდა.
ალექსანდრე გეჯაძის თქმით, რა გარემოებაში აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში, გამოძიებამ სხვა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებით უნდა დაადგინოს.
„ალკოჰოლთან მიმართებაში აღმოჩნდა ეთილის სპირტის შემადგენლობა 0.85. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა შაქარაშვილი სიკვდილის დროს. მე ერთხელ ვთქვი, რომ თუ არის ჭარბი ალკოჰოლის ზემოქმედება, ამას შეეძლო შეეშალა ხელი გადაადგილებისთვის, მიზანდასახული მოძრაობისთვის. სახეზე იყო ბლაგვი ტრავმა, რაც გამოიხატებოდა ძირითადად სისხლნაჟღენთების არსებობაში, ასევე ჰქონდა მეტ-ნაკლებად მასიური სისხლჩაქცევა – ჰემატომა. ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა საკმაოდ ბევრი დაზიანება, აქცენტირებული და კონცენტრირებული ძირითადად სახის მიდამოში და მენჯის და მუცლის ქვემო ნახევრის პროექციაში. თავის არეში ასევე განვითარებულია სიცოცხლისდროინდელი სისხლჩაქცევა. სახის არეშიც საკმაო სიძლიერის ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა წყალში“, განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.