ექსპერტი ედვინ კონსტაბლი - სამეცნიერო ნაშრომების შეფასება დროზე დამოკიდებული მოვლენაა
ექსპერტი ედვინ კონსტაბლი - სამეცნიერო ნაშრომების შეფასება დროზე დამოკიდებული მოვლენაა

შესაძლებელია თუ არა 20 წლის წინანდელი სამეცნიერო ნაშრომის თანამედროვე რეგულაციებით შემოწმება და რა მიდგომები აქვთ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში პლაგიატის დადგენისას, აღნიშნულ თემაზე კითხვებს საერთაშორისო ექსპერტი ედვინ კონსტაბლი პასუხობს.

როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი, განათლების საერთაშორისო ექსპერტი, ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორი ედვინ კონსტაბლი ამბობს, „დროში უკან დაბრუნება და სამეცნიერო ნაშრომების, სადოქტორო ხარისხების გადახედვა აკადემიურ სამყაროში ნაკლებად ხდება, რადგან პლაგიატი დროზე დამოკიდებული მოვლენაა. ის, რაც დაიწერა თუნდაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ან 2005 წლამდე, ესადაგებოდა იმ ნორმებს და პრაქტიკას, რაც დამახასიათებელი იყო იმ პერიოდისთვის. გერმანიის ხელახლა გაერთიანება არის იმის მაგალითი, სადაც ეს არ მოხდა, ანუ უკან დაბრუნება და სადოქტორო ხარისხების გადახედვა. პოლიტიკურ გარემოში კი, ეს შედარებით ჩვეულებრივი მოვლენაა“.

ექსპერტის ინტერვიუ პლაგიატის თემაზე ეხმაურება საკითხს, რომელიც საზოგადოებაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ის ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდება ისტორიული მოვლენების, წარსული დოკუმენტების ხელახალ გამოძიებას დღევანდელი საზოგადოებრივი სტანდარტების გამოყენებით.

პროფესორო კონსტაბლ, სტენფორდის უნივერსიტეტის სტანდარტების მიხედვით, პლაგიატი არის იდეების, კვლევის, ფორმულების გამოყენება ავტორების და წყაროების სათანადო აღიარების გარეშე.

– ეს ძალიან კარგი განმარტებაა. ეს არის „სამუშაო“ განმარტება, რომელსაც მე ვიყენებ. ამავე დროს, ეს განმარტება უნდა იყოს გათვალისწინებული იმ დისციპლინის კონტექსტში, რომელიც განიხილება. მნიშვნელოვანია, რომ რაც პლაგიატად ითვლება ჰუმანიტარულ დარგში, ციტირების საუკეთესო პრაქტიკად მიიჩნევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მედიცინაში. მაგალითად, ჰუმანიტარულ დარგში არ არის მისაღები გრძელი ციტატის ჩასმა და შემდეგ უბრალოდ ბიბლიოგრაფიაში წყაროს მითითება, მაშინ, როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ეს არის ხშირი და მისაღები პრაქტიკა, თუ შესაბამისი ლიტერატურის ციტირება მოცემულია. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი განმარტება, მაგრამ უნდა მოხდეს მისი მოდიფიცირება კონტექსტის მიხედვით.

ქართული აკადემიური სივრცისთვის პლაგიარიზმის თემა აქტუალური ბოლონიის პროცესთან მიერთების შემდეგ გახდა. დასაშვებია თუ არა ახლანდელი სტანდარტებით შევაფასოთ 2006 წლამდე დაცული დისერტაციები? მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ სადოქტორო ნაშრომებთან მიმართებაში რაიმე კონკრეტული სახელმძღვანელო წესები არ არსებობდა?

– ისევე როგორც ნებისმიერი მეცნიერს, მეც მაქვს ორი პასუხი ამ შეკითხვაზე. პირველი არის ზოგადად შეკითხვის პრინციპით განხილვა. ჩემი აზრით, პლაგიატი არ არის ისეთი რამ, რასაც თარიღის ნიშანი ადევს. იმ დისერტაციის შესწავლა/გამოძიება, რომელიც 1970 წელს დაიწერა და შეიცავს პლაგიატის მნიშვნელოვან რაოდენობას, ისეთივე ლეგიტიმურია, როგორც 2019 წელს დაწერილი დისერტაციის განხილვისას. თუმცა, მეორე პასუხი უფრო რთულია და ეს არის მისი იმ პრაქტიკის კონტექსტში განხილვა, თუ რა იყო ტიპური და საუკეთესო პრაქტიკა სადისერტაციო ნაშრომის დაწერის დროს. ცხადია, დღეს უფრო მეტი ვიცით იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენება კეთილსინდისიერება კვლევაში, ვიდრე 20-25 წლის წლის. მაგალითად, როდესაც ვხედავთ დისერტაციას, რომელიც 2003 წელს დაიწერა, შეიცავს მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას და, რომელსაც ჩვენ დღეს ჩავთვლიდით პლაგიატად, აუცილებლად უნდა შევხედოთ იმ გარემოს, იყო თუ არა ეს იმ დროისთვის მიღებული ნორმა. ეს არ არის მსგავსი ნაშრომების დაცვის მცდელობა, არამედ თქმა, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, როდესაც თანამედროვე სტანდარტებს ვუყენებთ ისტორიულ საკითხებს, გასული პერიოდის დოკუმენტებს.

ვინ უნდა მსჯელობდეს პლაგიატზე, უნივერსიტეტი დამოუკიდებლად, თუ ქვეყანაში უნდა არსებობდეს რაიმე ინსტიტუცია? რა არის საუკეთესო პრაქტიკა?

– ამ შეკითხვას იმდენივე პასუხი აქვს, რამდენ ადამიანსაც დაუსვამთ, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ უნდა არსებობდეს ეროვნული ინსტიტუტი, როგორც საკონსულტაციო ინსტანცია. ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც უნდა განიხილო არა უნივერსიტეტის შიგნით, არამედ გარეთ, რათა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, რადგან რამდენად კარგადაც არ უნდა ფუნქციონირებდეს უნივერსიტეტი, ყოველთვის არის საფრთხე, რომ გარე საზოგადოების შეხედულებით ესაა შიდა განხილვა და არ არის გამჭვირვალე,  არ გამოიყენეს მკაცრი კრიტერიუმები. ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის დროსაც, მე მწამს, რომ გარე შემფასებლებთან უნდა მოხდეს კონსულტაციის გავლა და მათ შეიძლება, მათი გამოცდილება გამოიყენონ, თუ რა მსგავსი შემთხვევები მომხდარა სხვადასხვა აკადემიურ წრეებში. თუმცა, ჩემ მოსაზრებას ყველა უნივერსიტეტის მხარდაჭერა არ აქვს.

– ციტირების პრინციპი თუ არის დარღვეული, არის თუ არა პლაგიატზე საუბარი საფუძვლიანი?

– ძალიან მიხარია, რომ თქვენ პლაგიატით შემოსაზღვრავთ ჩვენს დიალოგს და ფართოდ არ იყენებთ კვლევის კეთილსინდისიერების თემას. პლაგიატის შესახებ საუბრის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადად, მისი დადგენა ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ ის ეხება ტექსტს, ან ტექსტის ნაწილს, ან გრაფიკას. დღეს ტრენდია, რომ უნივერსიტეტი იგებს პლაგიატის შესახებ ხანდახან შიდა წყაროებიდან, „განგაშის ამტეხი“ ადამიანისგან, მაგრამ უფრო ხშირად გარე წყაროებიდან, ან ჟურნალისტებისგან, რომლებიც დაინტრესებული არიან უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულებით, რომლებიც ცნობილი გახდნენ სხვადასხვა სფეროში; ან ისეთი ვებგვერდებიდან, როგორებიცაა https://pubpeer.com, https://retractionwatch.com და ა.შ. რომლებიც უყურებენ სამეცნიერო პუბლიკაციების შინაარსს. დაცვის ხარისხი, რომელიც „განგაშის ამტეხს“ შეიძლება, მიენიჭოს, დიდწილად არის დამოკიდებული ეროვნულ კანონმდებლობაზე. მაგალითად, შვეიცარიაში გვაქვს ძალიან ძლიერი მონაცემთა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის უფლებები. ამავე დროს, ეს არის დილემა, რომელიც ყოველთვის არის გამოძიების განუყრელი ნაწილი. შენ უნდა დაიცვა მწერალი, პირი, რომელიც დაადანაშაულეს და იმედია, რომ არ გაქვთ ისეთი შემთხვევები, როდესაც „განგაშის ამტეხი“ ბოროტი განზრახვით ახორციელებს ამას და უბრალოდ სურს, პრობლემები შეუქმნას პროფესორს ან კვლევითი ჯგუფის ლიდერს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შემთხვევები არსებობს. საბოლოოდ, ალბათ შეუძლებელია „განგაშის ამტეხის“ ანონიმურობის სრულად დაცვა. შესაძლებელია მისი შენარჩუნება საუნივერსიტეტო გარემოში, მაგრამ ესკალაციის შემთხვევაში, როდესაც საქმე გადადის სამართლებრივ გარემოში, ეს ხდება უკიდურესად რთული. ეს დამოკიდებულია ეროვნულ კანონმდებლობაზე. რა თქმა უნდა, როდესაც ჟურნალისტების მიერ ხდება პლაგიატის გამოვლენა, ჟურნალისტები საზოგადოებრივ სექტორში არიან და მათი სახლებიც საჯაროა.

– როგორ უნდა ვიმსჯელოთ 2005 წლამდე დაწერილი დისერტაციების ირგვლივ?

– როგორც ვიცი, 2003 წლამდე დაცული დისერტაციებისთვის საქართველოს ჰქონდა სახელმწიფო დებულება შესაბამისობის შესახებ და მოხდა დოქტორის ხარისხთან გათანაბრება. ამ მხრივ არსებობს დაცვის ეს დონე. დარწმუნებული ვარ, რომ აკადემიურმა გარემომ შეიძლება, ამ კუთხით ძალიან დადებითი წინადადები თქვას. მაგალითად, რომ მათ სურთ და იღწვიან, მიესადაგონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დღეს და რომ ისტორიული პერიოდიდან არსებული დისერტაციების ნახვის გარეშეც შეუძლიათ, აღიარონ, რომ დღევანდელი სტანდარტებით ისინი არ შეესაბამება საუკეთესო პრაქტიკას ბიბლიოგრაფიის, ციტირების, შინაარსის მხრივ. თუმცა, ამავე დროს, შესაძლოა, ამ დისერტაციების უმრავლესობა სრულად აკმაყოფილებდა იმ დროისა და საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი გარემოს სტანდარტებსა და ნორმებს. შეიძლება, ეს დისერტაციები არ იყო გამორჩეულად კარგი, მაგრამ მიიჩნეოდა, რომ მიესადაგებოდა იმ დროისთვის საუკეთესო პრაქტიკას.

ასევე, ერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ საუკეთესო პრაქტიკა არის დროზე გამოკიდებული ფენომენი. რასაც ჩვენ ვთვლით დღეს, 2020 წელს საუკეთესო პრაქტიკად, დიდი ალბათობით, არ იქნება მიჩნეული საუკეთესო პრატიკად 2030 წელს. ამიტომ ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდები ისტორიული მოვლენების ხელახალ გამოძიებას დღევანდელი საზოგადოებრივი სტანდარტების გამოყენებით.

– ქართულ აკადემიურ სივრცეში უკვე აქტიურად გამოიყენება ანტიპლაგიატის პროგრამები, მაგალითად, როგორიცაა Turnitin და Urkund. რამდენად საკმარისია მხოლოდ ამ პროგრამის შეფასებით ხელმძღვანელობა პლაგიატის დადგენისას?

– მსგავსი პროგრამები არის ძალიან კარგი იარაღი, თუმცა როგორც ნებისმიერი იარაღის შემთხვევაში, უნდა იცოდე მათი გამოყენება. ჩაქუჩი ძალიან კარგია ლურსმნის დასაჭედებლად, მაგრამ არა ჭიქებისა და თეფშების გასაწმენდად. შესაბამისად, საკვლევი დისციპლინის შეზღუდვები უნდა იცოდე. მაგალითად, სოციოლოგიაში ძალიან ცოტა გზა არსებობს მეთოდოლიგიის დაწერის ისე, რომ ეს არ გამოიყურებოდეს როგორც პლაგიატი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ასევე ექსპერიმენტულ ნაწილებში თითქმის ყოველთვის ხდება განმარტებითი თვითპლაგიატი,  რადგან შენ გამოიყენე იგივე ინსტრუმენტები, იგივე ფორმატი. Turnitin-ის შედეგის ინტერპრეტირება გონივრულად და დისციპლინის შესაბამისად უნდა მოახდინო, მაგრამ როდესაც ხედავ ტექსტის დიდ ნაწილს,  რომელიც აღებულია გარე წყაროდან, მაშინ განგაში უნდა ჩაირთოს. ამ შემთხვევაში საჭიროა ადამიანური გონება და შეფასება. მე ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი Turnitin-ის  შედეგების ანალიზის ხელოვნური ინტელექტის გარემოში გატანას საბოლოო ზედამხედველობის გარეშე.

ინტერვიუ საქართველოს პირველ არხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მიაწოდა.

დატოვე კომენტარი