თსუ-ში ნაირა ბეპიევის წიგნების – „ოსური ლიტერატურის ისტორია“ და „ოსური ფოლკლორი“ პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, 6 მარტს თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება პროფესორ ნაირა ბეპიევის წიგნების – „ოსური ლიტერატურის ისტორიის“ და „ოსური ფოლკლორის“ პრეზენტაცია.
ნაირა ბეპიევის წიგნში „ოსური ლიტერატურის ისტორია“ განხილულია ოსური ლიტერატურის ისტორიის განვითარების ეტაპები: საწყისი პერიოდი, სასულიერო ლიტერატურა, მისი ფუძემდებლების მოღვაწეობა და ოსი მწერლების ცხოვრება-შემოქმედება. წიგნი ეფუძნება ახალ სამეცნიერო მასალებს, რომლებიც აქამდე არ იყო გაანალიზებული ოსური ლიტერატურის კონტექსტში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მისი ისტორიისა და განვითარების ეტაპების კვლევაში. ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს თანამედროვე ოს მწერალთა ცხოვრებასა და შემოქმედებას. ნაშრომი მოიცავს ოსური ლიტერატურის გზის დასაბამიდან დღემდე და განკუთვნილია მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული მკითხველისთვის.
ნაირა ბეპიევის წიგნში „ოსური ფოლკლორი“, შესწავლილია ოსური ფოლკლორის ძირითადი საკითხები, მათ შორის ოსური მითოლოგია, ნართების ეპოსი და ცარციათების თქმულებები, ოსური ხალხური პოეზიის თავისებურებები, ასევე წარმოდგენილია მისი შედარებითი კვლევა ქართულ და კავკასიურ კონტექსტში. ნაშრომს ერთვის ნაირა ბეპიევის მიერ ოსური ფოლკლორული ტექსტების საავტორო თარგმანები. წიგნი განკუთვნილია მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და კავკასიის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული მკითხველისთვის.
წიგნები გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში. პრეზენტაცია 15:00 საათზე გაიმართება.