ექიმის ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა, მათ შორის ერთი ბავშვის მდგომარეობა რთულია
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა რთულია, – ამის შესახებ პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სამივე ერთი ოჯახის წევრია – ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. დაშავებულები დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
„სამივეს მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული. მოთავსებული არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, ბაბუა, შვილი და შვილიშვილი, მათი ასაკია 44 წლის, 24 წლისა და 6 წლის ბავშვი. სხვადასხვა მიდამოს საკმაოდ სერიოზული მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ, შესაბამისად, სხეულის 65% ,55% და 12%“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, დაშავებულებს აქვთ ასევე დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანებები.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.