ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა
ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევებიდან ხუთი თბილისში მოხდა. ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა, არცერთის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო.

დამწვრობის ცენტრში გვიან ღამით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ აცნობა, მათგან ორი ბავშვი იყო – 10 და 14 წლის, ორი კი მოზრდილი. ორივე ბავშვს და ერთ მოზრდილს მარჯვენა ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული, მეოთხე პაციენტს კი ორივე მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა.

გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტებს ჭრილობები ქირურგიულად ადგილზევე დაუმუშავეს და ოთხივე მათგანი ბინაზე გაეწერა.

ამასთან, პიროტექნიკით დაშავებული არცერთი პაციენტი არ შეუყვანიათ იაშვილის კლინიკაში.