ყველაფერი, რაც მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ უნდა იცოდეთ

მზე და კარგი ამინდი განწყობაზე რომ ამაღლებულად მოქმედებს, ეს ყველამ იცის, მაგრამ  ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ იმაზე, რომ მზეს ბნელი მხარეც აქვს. ალბათ, გონებაში უკვე გაგიელვათ მზის მავნე ზეგავლენის რამდენიმე ვერსიამ, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანია სიმსივნის განვითარების ალბათობა და ნაოჭები.

ამ სტატიაში საუბარი არ იქნება, რა შემთხვევაში შეიძლება, რომ მზის სხივების ზემოქმედებამ ადამიანში სიმსივნე წარმოქმნას ან ნაოჭები გააჩინოს, ეს სამედიცინო საკითხია, თუმცა ინფორმაციას მოგაწვდით იმაზე, როგორ დაიცვათ თავი მზის მავნე ზეგავლენისგან, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

 

ტერმინთა განმარტებები

სტატიის ამ ნაწილში გთავაზობთ მზისგან დამცავი საშუალებების, ერთი შეხედვით, გაუგებარი ტერმინების განმარტებებს, უფრო სწორად კი დაგეხმარებით აბრევიატურების გაშიფვრაში.

SPF

მზისგან დამცავ კრემებსა და ლოსიონებზე, ასევე გასარუჯ კოსმეტიკურ საშუალებებზე  აუცილებლად შეგხვდებათ  SPF-ის აბრევიატურა, რაც იშიფრება, როგორც მზისგან დამცავი ფაქტორი (Sun Protection Factor). უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, „ესპეეფი“ განსაზღვრავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის რა დონეს გთავაზობთ კონკრეტული პროდუქტი.

UPF

ეს აბრევიატურა იშიფრება, როგორც უნივერსალური დაცვის ფაქტორი (Universal Protection Factor). უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, „იუპიეფი“ განსაზღვრავს, მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის რა დონეს გთავაზობთ კონკრეტული ქსოვილი.

UVA

ულტრაიისფერი A სხივები (Ultraviolet A Rays) აღწევს კანის ღრმა შრეებში. მას „დაბერების სხივებსაც“ უწოდებენ, რადგან ამ ტიპის სხივების კანზე მოხვედრისას, ჩქარდება ნაოჭების წარმოქმნის პროცესი და ლაქები. როგორც ექიმები ამბობენ, ამ ტიპის სხივების გავლენით, შესაძლოა, სიმსივნეც წარმოიქმნას. „იუვიეი“ სხივები შესაძლოა, კანზე მოხვდეს, მაგალითად, ღრუბლების გავლით ან ფანჯრიდან, ამიტომ მათი ზეგავლენისგან დაცული არასდროს ხართ. ამ ტიპის ულტრაიისფერი სხივები აქტიურია 10:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში.

UVB

ულტრაიისფერი B სხივები (Ultraviolet B Rays), რომელსაც მეორენაირად „მწველ სხივებსაც“ უწოდებენ. „იუვიბი“ იწვევს დამწვრობას და წამყვან როლს თამაშობს სიმსივნის წარმოშობაში. ამ ტიპის ულტრაიისფერი სხივები აქტიურია 10:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში.

 

ქიმიური და ფიზიკური მზისგან დამცავები

ფიზიკური დამცავი – მას მეორენაირად უწოდებენ მინერალურ შემაკავებელს. ამ ტიპის მზისგან დამცავი პროდუქტი შეიცავს ტიტანის დიოქსიდსა და თუთიის ოქსიდს ან ორივე მათგანის კომბინაციას.

„აღნიშნული მინერალების შემცველი მზისგან დამცავი საშუალებები კანის ზედაპირზე ქმნის ერთგვარ დამცავ ბარიერს, რის შედეგადაც მზის სხივები ზედაპირზე აირეკლება და კანის სიღრმეში აღარ აღწევს“, – აცხადებს შარი მარშბეინი, ექიმი-დერმატოლოგი.

მზისგან დამცავი კრემი მთელ სხეულზე კარგად უნდა დაიტანოთ, რათა კანის ყველა ნაწილი დაფარული იყოს და არ დარჩეს არც ერთი ღია უბანი.

 

ქიმიური დამცავი  – ამ ტიპის მზისგან დამცავები შედგება რამდენიმე ინგრედიენტის კომბინაციისგან –  ავობენზონი, ოქსიბენზონი და ოქტოკრილენი, რომლებსაც კანის ზედაპირი იწოვს. ამ ტიპის მზისგან დამცავის გამოყენების დროს, მზის სხივები ეცემა კანის ზედაპირს, რომლის დეაქტივაცია ხდება სწორედ ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტების დახმარებით.

 

როგორ უნდა წავისვათ მზისგან დამცავი კანზე

არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის წასმა ფეხის თითების ზედა ნაწილში, ხელის მტევნების ზედა ნაწილში, ასევე ყურებზე, კისრის უკანა ნაწილში, თვალების გარშემო და ქუთუთოებზე. საცურაო კოსტიუმით ან სამოსით შემოსილი თუ ისვამთ მზისგან დამცავს, შესაძლოა, სხეულზე ადგილები გამოგრჩეთ, ამიტომ დერმატოლოგების რეკომენდაციაა, რომ კრემი მთელ სხეულზე წაისვათ.

 

წაისვით კრემი ერთ ან ორ საათში ერთხელ

საშუალოდ, მზისგან დამცავი პროდუქტები ეფექტს კარგავს ერთ ან ორ საათში, ამიტომ ამ ინტერვალებში კანზე უნდა დაიმატოთ. თუ მანამდე სხეულს წყლით დაისველებთ და შეიმშრალებთ, ასეთ შემთხვევაშიც თავიდან უნდა დაიტანოთ პროდუქტი სხეულზე. და აქვე აღსანიშნავია, რომ წყალგამძლე მზისგან დამცავი არ არსებობს. წყალგამძლე პროდუქტები მოქმედებს მხოლოდ წყალში ცურვისას და ისიც 40-80 წუთის განმავლობაში.

და ბოლოს, კარგი იქნება, მზისგან დაცვის დამატებითი საშუალებების გამოყენებაც.

UPF-ის შემცველი საცურაო კოსტიუმი ან რაიმე სამოსი, მზისგან დამცავი ქუდი, პოლარიზებული სათვალე.

საინტერესო ფაქტები

ულტრაიისფერი სხივები კანის ზედაპირზე შეიძლება, მოხვდეს ღრუბლების გავლით და ასევე ფანჯრიდან.

მზისგან დამცავი საშუალებები კანის ზედაპირს შორდება დაახლოებით ორ საათში.

მზისგან დასაცავად გამოიყენეთ სულ მცირე SPF 30-ის შემცველი პროდუქტები, მაგრამ თუ „ესპეეფი“ უფრო მაღალი იქნება, უკეთესია.

დატოვე კომენტარი