ექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ორთაჭალაში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ის ინგოროყვას კლნიკაში რჩება.
ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ხუჭუას განცხადებით, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„პაციენტი შემოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. შემოყვანისას მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. კვლევებით დიაგნოსტირდა ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ტრავმული შოკი. პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესი სიმძიმის. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა ექიმმა.
თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა დღეს გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მესამე დაშავებული ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.