სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები ძვირად ღირებულ სამკურნალო პრეპარატს უსასყიდლოდ მიიღებენ
სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები ძვირად ღირებულ სამკურნალო პრეპარატს უსასყიდლოდ მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო – სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირად ღირებულ სამკურნალო პრეპარატს სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

„ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტს, დაავადების სირთულის მიუხედავად, ყველა პაციენტი მიიღებს და ბენეფიციართა დაფინანსება უწყვეტად გაგრძელდება.

უწყების ცნობით, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის თითო ფლაკონის ღირებულება 7 485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.