ელიზაბეთ რუდი - აშშ-ს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კონტრტერორიზმის მიმართულებით თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს 
ელიზაბეთ რუდი - აშშ-ს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კონტრტერორიზმის მიმართულებით თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტრტერორიზმის მიმართულებებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმზე: „შავი ზღვის რეგიონული და გლობალური ბირთვული წესრიგი“ განაცხადა. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც ელიზაბეთ რუდიმ აღნიშნა, აშშ-ის მთავრობისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის მიზანია, რეგიონი უფრო უსაფრთხო გახდეს.

„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული იარაღის მოხვედრის საფრთხე ტერორისტების და სხვა შეიარაღებული აქტორების ხელში რეალურია. შავი ზღვის რეგიონი ამ გამოწვევის წინაშე დგას. ამერიკის შეერთებულ შტატები დიდი ხანია თანამშრომლობს საქართველოსა და რეგიონის სხვა პარტნიორებთან ამ საფრთხეების შესამცირებლად. მოხარულები ვართ, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან კონფერენციას მესამედ მართავს, სადაც ამ მიმართულების ექსპერტები იმსჯელებენ თანამშრომლობის გაზრდაზე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე , რისი მიზანიც არის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების კონტრაბანდის და არასწორ ხელში მოხვედრის პრევენცია, რაც რეგიონს და მსოფლიოს უფრო დაცულს გახდის“- განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ.

თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: შავი ზღვის რეგიონის ბირთვული უსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები; საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ძალისხმევა ბირთვული ტერორიზმის საფრთხის შემცირებისთვის; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირება და რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი. ასევე – თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი ირაკლი მჭედლიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვივიანა სანდბერგი.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორია სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო თანაორგანიზატორები არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყნები აქტიურად არიან ჩართული „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესში.