ელგუჯა ხოკრიშვილი - „დოიჩე ველეს“ რედაქციამ გაითვალისწინა ჩვენი წუხილი და გიორგი გახარიას შესახებ სტატიის სათაურს განმარტება მისცა
ელგუჯა ხოკრიშვილი - „დოიჩე ველეს“ რედაქციამ გაითვალისწინა ჩვენი წუხილი და გიორგი გახარიას შესახებ სტატიის სათაურს განმარტება მისცა

„დოიჩე ველეს“ რედაქციამ გაითვალისწინა ჩვენი წუხილი და სათაურს განმარტება მისცა, რომ ეს იყო ოპოზიციის პრეტენზია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა,  ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დავუკავშირდით „დოიჩე ველეს“ რედაქციას და გამოვთქვით ჩვენი წუხილი. ვუთხარით, რომ ეს სათაური იძლევა არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას, თან მით უმეტეს ისეთ დროს, როდესაც სოციალური მედიის საშუალებით აქტიურად ვრცელდება ეს მცდარი ინფორმაცია და ავუხსენით, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს არასწორად.

მათ გაითვალისწინეს ჩვენი წუხილი და საბოლოოდ ჩაასწორეს. მოხდა სათაურისთვის განმარტების მიცემა, რომ ეს იყო ოპოზიციის პრეტენზია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. ასევე ტექსტში განმარტეს, რომ ამაზე გიორგი გახარიამ უპასუხა იმით, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის მთავარ საგარეო პრიორიტეტს – ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“.

მოგვიანებით, „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა. სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

დატოვე კომენტარი