„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქცია - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა
„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქცია - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქცია წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სადავო ფიგურა, რამაც თბილისში პროტესტი გამოიწვია. კანონმდებლებმა 98 ხმის ნულის წინააღმდეგ ხმა მისცეს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, ოპოზიციამ ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ გახარია ფართო საზოგადოების მხრიდან განიხილება როგორც ივნისში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი დარბევის მთავარი ხელმძღვანელი. თუმცა გახარია შეეცადა, გაექარწყლებინა ბრალდებები, რომ ის „მოსკოვის კაცია“ საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხზე ყურადღების გამახვილებით, „ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია არის უდიდესი პრობლემა, უდიდესი გამოწვევა, უდიდესი სიბოროტე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გახარიამ.

ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა სამიზნეში ამოიღეს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

„გახარია პრემიერ-მინისტრის სავარძელში ივანიშვილის უკანასკნელი მარიონეტი იქნება. ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია დემოკრატიასთან და საქართველოს ყველა დემოკრატიული და პროდასავლური ძალა გაერთიანდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მის დასამარცხებლად“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქცია აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობასთან ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით „ჩვენ არ დავნებდებით“.