„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა
„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა

„დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა.

სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“, დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სადავო ფიგურა, რამაც თბილისში პროტესტი გამოიწვია.

„კანონმდებლებმა 98 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას. ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, რომელმაც ახალ ლიდერს ადრე „მოსკოვის კაცი“ უწოდა“, – ნათქვამია სტატიაში.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ გახარია ფართო საზოგადოების მხრიდან განიხილება როგორც ივნისში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი დარბევის მთავარი ხელმძღვანელი. თუმცა სტატიაში აღნიშნულია, რომ გახარია შეეცადა, გაექარწყლებინა ოპოზიციის ბრალდებები, რომ მას მოსკოვთან მჭიდრო კავშირები აქვს, საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხზე ყურადღების გამახვილებით. „ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია არის უდიდესი პრობლემა, უდიდესი გამოწვევა, უდიდესი სიბოროტე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გახარიამ.