სოფო ხორგუანი - გიორგი გახარიას მიუნხენის კონფერენციაზე მიწვევა ნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო ხვდება, მის წინააღმდეგ საქმეები შეკერილი და შეთითხნილია
სოფო ხორგუანი - გიორგი გახარიას მიუნხენის კონფერენციაზე მიწვევა ნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო ხვდება, მის წინააღმდეგ საქმეები შეკერილი და შეთითხნილია

გიორგი გახარიას ეკითხებიან იმ პოზიციაზე, რაც შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს, მათ შორის საუბარი იქნება რეგიონის უსაფრთხოებაზეც, – ამის შესახებ პარტიის „გახარიას საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

„გიორგი გახარიას მიუნხენის კონფერენციაზე მიწვევა ნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო კარგად ხვდება, მის წინააღმდეგ საქმეები შეკერილი და შეთითხნილია, რაც პოლიტიკური დევნაა. შალვა პაპუაშვილს ვურჩევ, იმაზე გვიპასუხოს, 21 წლის განმავლობაში გერმანიის ჯამაგირსა და კმაყოფაზე რომ ცხოვრობდა, როდის იყო მართალი – როცა გერმანიის მთავრობის კმაყოფაზე ცხოვრობდა თუ ახლა, როცა გერმანიის გადაწყვეტილებები არ მოსწონს? ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

დიახ, ის მიუნხენის კონფერენციაზეა მიწვეული. ხელისუფლებაში ყოფნისას გიორგი გახარია პასუხისმგებლიანი იყო, რომელსაც ავტორიტეტი ჰქონდა და ეს მოპოვებული ჰქონდა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე და არა სკამით. გასაკვირი არაფერია, მას ეკითხებიან იმ პოზიციაზე, რაც შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს, მათ შორის საუბარი იქნება რეგიონის უსაფრთხოებაზეც. რა თქმა უნდა, მისი მოსაზრებები საინტერესოა მათთვის, ვინც პროფესიონალიზმს აფასებს“, – განაცხადა ხორგუანმა.

ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ცნობით, გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, ევროკავშირის სივრცე პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად იქცა“.