მიხეილ სარჯველაძე - განკარგულებების თემაზე აჟიოტაჟის შემდეგ ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ დაინახა, რომ ვინმე არასწორად თუ მოიქცა, ეს თავად გახარია იყო, იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა საუბარი
მიხეილ სარჯველაძე - განკარგულებების თემაზე აჟიოტაჟის შემდეგ ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ დაინახა, რომ ვინმე არასწორად თუ მოიქცა, ეს თავად გახარია იყო, იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა საუბარი

განკარგულებების თემასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ დაინახა, რომ თუ ვინმე არასწორად იქცეოდა, ეს თავად გახარია იყო. იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, გახარია თავის მართლების რეჟიმშია.

„განკარგულების თემასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟიდან ყველაზე ცუდად გახარიას გუნდი გამოვიდა. არადა, ამ მიმართულებით თავდასხმას არავინ გეგმავდა, უბრალოდ, კონკრეტული საკითხი აბსოლუტურად მართებულად დაისვა და ირაკლი კობახიძემ უნაკლოდ გადაწყვიტა. მთავრობის პოზიცია გამომჟღავნდა და შემდეგ დაიწყო თავდასხმა, რის შედეგადაც მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ, რადგან ყველაფერი გაშიშვლდა და ყველამ დაინახა, რომ ვინმეს არასწორი ქცევა თუ ჰქონდა, ეს თავად გახარია იყო და იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაცის კრიტიკას წამოიწყებენ, ძალიან ფრთხილად იყვნენ ხოლმე, ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეთ. გახარია თავის მართლების რეჟიმშია და რა მიზეზს მოიტანენ, არ ვიცი, უაზრო კრიტიკა აღარ არის საჭირო. ისე არ აღმოჩნდეს, რა ბომბებსაც ამზადებენ, თავიანთ ხელში არ აუფეთქდეთ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით დასაფარი არაფერია და ყველა განკარგულება გამოქვეყნდება. მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ახლა „არის მცდელობა, უცნაური სიტყვებით რაღაცები გააშავონ“.

„საკუთარი ლოგიკის ხმაურიანი სიტყვებით გამდიდრება სჭირდებათ, თუმცა მათ ლოგიკას ნაკლოვანება აქვს. ირაკლი კობახიძემ თქვა, გამჭვირვალობის თვალსაზრისით დასაფარი არაფერია და ყველა განკარგულება გამოქვეყნდებაო. რა უნდა აკრიტიკონ? უცნაური სიტყვებით ცდილობენ რაღაცების გაშავებას. მურით ხელში შეიარაღებულები შემდეგ გამურულები თავად აღმოჩნდებიან. მგონი, მათთვის სჯობს, ამ ყველაფერს თავი დაანებონ. როცა შეამჩნევთ, რომელიმე პოლიტიკური გუნდი პირადი თავდასხმებით არის დაკავებული, უმჯობესია, ასეთ დროს ამ საქმეს შეეშვან, რადგან ეს მათ უფრო აზიანებთ, ვიდრე რომელიმე ადრესატს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, 12 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში პირველი სხდომა გამართა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის. ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე ირაკლი კობახიძის განცხადებამ ძალიან შეაშინა გახარიას გუნდი.