ეკატერინე დგებუაძე - ყველა სკოლა, სადაც ხვალიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, მზად არის, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაიცვას
ეკატერინე დგებუაძე - ყველა სკოლა, სადაც ხვალიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, მზად არის, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაიცვას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული, შეასრულა. მისივე თქმით, ყველა სკოლა, სადაც ხვალიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, მზად არის, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები დაიცვას.

ამასთან, როგორც ეკატერინე დგებუაძე ამბობს, მშობლებს დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.

„ხვალ, პირველ თებერვალს სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში გაგრძელდება, გარდა სამი ქალაქისა: თბილისი, ქუთაისი და რუსთავი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სამინისტრომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული, შეასრულა. დღეს ყველა სკოლა მზად არის, რომ დაიცვას ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეების როგორც ჯანმრთელობის, ასევე განათლების უფლების მიმართულებით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსხავავებულ მომსახურებას ვთავაზობთ მშობლებს. მშობელს აქვს არჩევანის უფლება, დატოვოს შვილი დისტანციურ სწავლების ფორმატზე, თუ საკლასო ოთახში გააგრძელოს სასწავლო პროცესი. იმ შემთხვევაშ, თუ კონკრეტული მოსწავლე გააგრძელებს დისტანციურ სწავლებას, დღეს მშობელმა უნდა მიმართოს სკოლას განცხადების საფუძველზე და სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლისთვის შესაბამის მომსახურებას.

შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს განსხვავებული მიდგომებიც. დღეს სკოლებს აქვთ სრული თავისუფლება, რომ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. აქ არის საუბარი, რომელ საათზე დაიწყებს სასწავლო პროცესს, გაკვეთილის ხანგძლივობა რამდენი ხანი იქნება, შესვენებები როგორ დაორგანიზდება. ასევე, შესაძლებელია, რომ შაბათი დღეც იყოს გამოყენებული სასწავლო პროცესისთვის.

განათლების სამინისტრომ ყველა მიმართულებით იმუშავა და მისცა დაშვება, რომ დაცული იყოს მოსწავლის ჯანმრთელობისადა სწავლის უფლება. ამისთვის მაქსიმალური რესურსი ჩადო. შეგვიძლია მშობლებს ვუთხრათ, რომ მათი შვილები სკოლებში დაცულები იქნებიან და არ ჰქონდეთ შიში, რომ ნორმები, რომლებიც არის განსაზღვრული, არ იქნება შესრულებული“, – განაცხადა ეკატერინე გდებუაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეკომენდაციების დაცვით იმუშავებენ სკოლები, დგებუაძემ აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ორი მიმართულებაა განსაზღვრული.

„ეს არის ორი სხვადასხვა მიმართულება. თუ ვისაუბრებთ მასწავლებლების ტესტირებაზე, ამ შემთხვევაში, ეს არის სავალდებულოდ განსაზღვრული ტესტირება, სადაც მინიმუმ სავალდებულოდ განსაზღვრული 20 პროცენტია იმ პირების, რომლებიც მუშაობენ სკოლებში. აქ არის საუბარი როგორც მასწავლებლებზე, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. თითოეულ მათგანს აქვს შეხება მოსწავლეებთან და ყველა უნდა იყოს დატესტილი. ეს პროცესი მიმდინარეობს დღესაც და სტატისტიკური მონაცემები ტესტებთან დაკავშირებით უკვე აქვთ და ექნებათ ჯანდაცვის შესაბამის უწყებას.

რაც შეეხება მოსწავლეებს, ამასთან დაკავშირებით არსებობს პროტოკოლი. სკოლაში შესვლისთანავე ხდება თერმოსკრინინგი, სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, გარკვეული პროტოკოლი არსებობს, როგორ მოქმედებს სკოლა. ყველა ინფორმაცია, რა ნაბიჯები გადადგა სკოლის ადმინისტრაციამ,  წერილობით არის გაწერილი. სკოლებს აქვთ ინფორმაცია და აღჭურვილია ჰიგიენის სანიტარიის მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსით. მათი ვალდებულებაა, აკონტროლონ მოსწავლეების სკოლაში გადაადგილება, ჰიგიენის მიმართულებით ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა დგებუაძემ.

როგორც დგებუაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ დადებითობის პროცენტული მაჩვენებელი გარკვეულ ნიშნულამდე დაიწევს, საკოორდინაციო საბჭო დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

„თუ შევხედავთ სტატისტიკას ყოველდღიურად უმჯობესდება და ჩვენი მოლოდინი არის, რომ თუ გარკვეულ ნიშნულამდე დაიწევს პროცენტული მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში, საკორდინაციო საბჭო იმსჯელებს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით. ყველას მოლოდინია, რომ მოსწავლეები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.