განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ეკატერინე დგებუაძე თამარ მახარაშვილმა შეცვალა
განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ეკატერინე დგებუაძე თამარ მახარაშვილმა შეცვალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ეკატერინე დგებუაძე შეცვალა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.

მათივე ცნობით, ამ პოზიციის დაკავებამდე თამარ მახარაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორებიცაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2019 წლიდან, მანამდე კი წლების განმავლობაში ეკავა დირექტორის მოადგილის პოზიცია; იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი; საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე; თამარ მახარაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგის (ებრაისტი) კვალიფიკაცია და მაგისტრის აკადემიური ხარისხი. იყო გიორგი წერეთლის სახელობის სტიპენდიატი. გავლილი აქვს სტაჟირება იერუსალიმის ჰარ-ჰაცოფიმის უნივერსიტეტში. გაიარა თსუ-ს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეული ფილოლოგიის განხრით.

თამარ მახარაშვილს 1997 წლიდან დღემდე კვლევის ძირითად სფეროში გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, ასევე გავლილი აქვს ისრაელის სარ ჰა არონის კურსები სამთავრობო უწყებებში მართვა- მენეჯმენტის მიმართულებით. თამარ მახარაშვილი გახლავთ ებრაულ ენაზე გამოცემული „დედა-ენის“ ავტორი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიხედვით, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის შეიქმნა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ეკატერინე დგებუაძე განათლების მიმართულებით მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს, სადაც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მიმართულებას უხელმძღვანელებს.

დატოვე კომენტარი